პროევროპულ აქციებზე დაკავებული ქალების მხარდასაჭერად ქალთა ციხესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

აქციებზე დაკავებული ქალების მხარდამჭერი აქცია ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან, 8 მარტი, 2026 წელი

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რუსთავის ქალთა ციხესთან, პროევროპული აქციებისას დაპატიმრებული ქალების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი ციხესთან დროშებითა და პლაკატებით მივიდნენ და შეეცადნენ, აქციების პერიოდში, სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული ქალებისთვის ხმა მიეწვდინათ, მათ შორის, არიან, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, სამოქალაქო აქტივისტები, თამარ ლორთქიფანიძე, ნანა სანდერი, ანასტასია ზინოვკინა.

ქალების მხარდამჭერი აქცია, 8 მარტი, 2026 წელი

„დღეს ქალებს წართმეული გვაქვს პროტესტის უფლება. ბოლო წლის განმავლობაში 70-ზე მეტი ქალი დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით, რადგან ისინი გამოთქვამდნენ აზრს და გამოხატავდნენ პროტესტს. დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქალებს იჭერენ, სცემენ, აფურთხებენ და უხამსი სიტყვებით ლანძღავენ პოლიციელები, მანდატურები, სპეცრაზმელები მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები ბედავენ ხმის ამოღებას უსამართლობის და სისასტიკის წინააღმდეგ" - ამბობენ აქციის მონაწილეები.

თბილისსა და სხვა ქალაქებში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად. 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, სამართალდამცავებმა არაერთხელ დაშალეს აქციის მონაწილეები ძალადობრივი მეთოდებით, დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტები.

აქციების დასაშლელად გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე ქიმიური ნივთიერება. ტელეკომპანია BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, ეს ნივთიერება, შესაძლოა, ყოფილიყო სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი. ამ ვერსიას უარყოფს „ქართული ოცნების“ მთავრობა და საჩივრით მიმართეს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას.

2024 წლის 28 ნოემბრიდან, დემონსტრანტები ყოველდღიური აქციებით, მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პროევროპული აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე პროტესტის ფონზე, ათობით ადამიანი გაასამართლეს და დააპატიმრეს სისხლის სამართლის წესით, მათ შორის, ქალები.

ასობით ადამიანი დააჯარიმეს ან დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით. რამდენჯერმე გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობებიც განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ დანაშაულზე.