ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, ვინც უკრაინას ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დელეგაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაემგზავრა ურთიერთდახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებების მოსამზადებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა მზად არის რეგიონს ირანული დრონებისგან დაცვაში დაეხმაროს და თავადაც დახმარებას ითხოვს.

სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. უკრაინამ დრონებისგან დასაცავად დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და სანაცვლოდაც ითხოვს დახმარების გაგრძელებას პირველ ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, სამხედროები და საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინამ დრონების სპეციალისტები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული ბაზების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვისას, 10 მარტს, დღის ბოლოს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ შარშან სთავაზობდნენ „დრონების შეთანხმებას“, ახლა კი ყველა ხედავს, რომ ამ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს, რადგან უკრაინას მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება დაუგროვდა დამრტყმელი დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამოცდილების გარეშე სპარსეთის ყურისთვის, მთელი ახლო აღმოსავლეთისა და პარტნიორებისთვის ევროპასა და ამერიკაში იოლი არ იქნება დაცვის ძლიერი სისტემის შექმნა.

„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, ვინც ჩვენ გვეხმარება, უკრაინას ეხმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, უმეროვი უკრაინის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოამზადებს კონკრეტულ შეთანხმებებს.

უკრაინას ირანული წარმოების დრონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან მათ რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. თავად უკრაინას რუსეთის დარტყმებისგან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებისა და მოსახლეობის დასაცავად სჭირდება საჰაერო თავდაცვის რაც შეიძლება მეტი საშუალება.

  • 8 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტთა ჯგუფი და ამ აპარატების დამჭერი დრონები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისგან დახმარების თხოვნა 5 მარტს მიიღეს და მეორე დღეს უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა.
  • 10 მარტს მედიისთვის გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე ზელენსკიმ თქვა, რომ სამი პროფესიონალური გუნდი გაგზავნეს და ისინი ამ კვირაში იქნებიან კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.
ასევე ნახეთ ბრძოლა „შაჰედების“ ტალღებთან. ირანული დრონები ამერიკული საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ