ვენეციის ბიენალე მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორუმია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან ტარდება. ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს, ხელოვნების და არქიტექტურის გამოფენებს, რომლებიც მონაცვლეობით, ორ წელიწადში ერთხელ იმართება და რამდენიმე დამატებით კომპონენტს - მუსიკას, თეატრს, კინოს და თანამედროვე ცეკვას.
- ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონი 2022 წელს, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიხურა.
- 2024 წლის ხელოვნების გამოფენისთვის რუსეთმა თავისი პავილიონი ბოლივიას დაუთმო.
- 2026 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბიენალეს ფონდმა რუსეთს პავილიონის გახსნის ნებართვა მისცა.
ფონდის მიერ რუსეთისთვის პავილიონის გახსნის ნებართვის მიცემა დაგმეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰენა ვირკუნენმა და ევროკომისარმა კულტურის და სპორტის საკითხებში გლენ მიკალეფმა.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 10 მარტს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ კულტურა იცავს დემოკრატიულ ფასეულობებს, ხელს უწყობს ღია დიალოგს, მრავალფეროვნებას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და გამოყენებული არ უნდა იყოს პროპაგანდის პლატფორმად.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ინსტიტუტები და ორგანიზაციები უნდა მოქმედებდნენ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად და ტრიბუნას არ უნდა აძლევდნენ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ, ან ამართლებენ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიას.
ევროკომისიის პოზიციაა, რომ ბიენალეს ფონდის გადაწყვეტილება შეუსაბამოა რუსეთის აგრესიაზე ევროკავშირის კოლექტიურ პასუხთან და თუ ფონდი გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, განიხილავენ შემდგომ მოქმედებებს, მათ შორის ბიენალეს ფონდისთვის მიმდინარე გრანტის შეჩერებას, ან შეწყვეტას.
რუსეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ შვიდკოიმ, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მარტის დასაწყისში გამოცემა ARTnews-ს განუცხადა, რომ რუსეთის პავილიონის გახსნა ნიშნავს, რომ ჩაიშალა დასავლეთის მცდელობები, აიკრძალოს რუსული კულტურა.
შვიდკოი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის აქტიური მხარდამჭერია.
დღეს, 11 მარტს შვიდკოიმ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონში იქნება „მუსიკალურ-პლასტიკური წარმოდგენა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი შემსრულებელი.
- ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის გახსნას პროტესტი მოჰყვა როგორც უკრაინისგან, ისე რუსეთიდან დევნილი ოპოზიციონერების მიერ შექმნილი „დემოკრატიულ ძალთა პლატფორმის" მხრიდან.
- იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიენალეს ფონდი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
ვენეციის ბიენალე 9 მაისს გაიხსნება და 22 ნოემბერს დასრულდება.