რატომ არ შეუშვეს ეუთოს დელეგაცია ციხეში პატიმრების სანახავად - პაპუაშვილის პასუხი

შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრებმა საპატიმროში ის პატიმრები მოინახულონ, რომელთა მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესია.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისა და სხვა პატიმრების მონახულებაზე უარის შესახებ მას კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაუსვა გადაცემის წამყვანმა.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ერთ წელზე მეტია ციხეშია - მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ქართულმა სასამართლოებმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურა მისთვის ბრალის დამძიმებასა და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვდა.

„ინტერესი რა არის?! თუ ის არის, რომ იცოდნენ, რა პირობებში ხდება სასჯელის მოხდა, ადვოკატები ყოველდღიურ რეჟიმში შედიან და სახალხო დამცველისგან აქვთ ინფორმაცია. სინამდვილეში, ყველა ობიექტური ინფორმაცია არსებობს.

თუ ეს არის რაიმე რიტუალი, ადამიანის მონახულება, მე პირადად ამას არ მივესალმები. რიტუალური ღონისძიებები და ატრაქციონად წარმოდგენა, რომ ვიღაც ჩამოდის და უნდა მოიხადოს ვალი და შევიდეს რომელიმე კონკრეტულ პატიმართან, ეს გარკვეულწილად აკნინებს იმ დანაშაულს, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი“, - თქვა პაპუაშვილმა.

გუშინ, 10 მარტს, საქართველოში მყოფი ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონსმა თქვა, ითხოვეს ციხეში მყოფ პატიმრებთან, მათ შორის მზია ამაღლობელთან შეხვედრა, რაზეც უარი მიიღეს:

„გამოვხატეთ ეს სურვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და მათ გვიპასუხეს “არა”. ვაღიარებთ, რომ მთავრობას აქვს უფლება, თქვას “არა”. ჩვენ მათ ვთხოვეთ, განიხილონ ეს [გათავისუფლების - რ.თ.] საკითხი და ვფიქრობთ, რომ, თუკი გაქვს მოლაპარაკება ან აპირებ გქონდეს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაზეც ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელეთ, რასაკვირველია, უნდა აწარმოო პოლიტიკური მოლაპარაკებები“.