დრონებით შეტევის შემდეგ ნავთობის ბაზა იწვის რუსეთის კრასნოდარის მხარეში

კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები რეგულარულად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის საცავებს და პორტების ტერმინალებს(საილუსტრაციო ფოტო)

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდა.

კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები რეგულარულად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის საცავებს და პორტების ტერმინალებს.

12 მარტს, დაახლოებით დილის რვა საათისთვის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძარი გაჩნდა ტიხორეცკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე, არავინ დაშავებულა და ცეცხლს 83 მეხანძრე აქრობს 26 ერთეული ტექნიკით.

  • რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA წერს, რომ ნავთობის ბაზა, რომელზეც დრონებით შეტევა იყო, ტიხორეცკის კვანძის ნაწილია. თავად ეს კვანძი რუსეთის სამხრეთში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასატვირთავი პუნქტია და მას სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალი კომპანია „ტიხორეცკ-ნაფტა“ მართავს.
ასევე ნახეთ უკრაინამ ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალს დაარტყა
ასევე ნახეთ უკრაინის ელჩმა აშშ-ში „დემარში მიიღო“ რუსეთის ნოვოროსიისკზე უკრაინის დარტყმის გამო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 12 მარტს, დილით გავრცელებული ზოგადი ინფორმაციით, რომლის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება, გასული ღამის განმავლობაში გაანადგურეს 80 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 30 - კრასნოდარის მხარეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

განახლება: 12 მარტს დღისით გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის საქაჩ სადგურ „ტოხორეცკზე" დარტყმა იყო ამ სამსახურის დრონებით.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრიანსკის ქარხანას დაარტყეს რაკეტებით Storm Shadow