Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრიანსკის ქარხანას დაარტყეს რაკეტებით Storm Shadow

აფეთქებებით გამოწვეული კვამლი ბრიანსკში. 2026 წლის 10 მარტი
აფეთქებებით გამოწვეული კვამლი ბრიანსკში. 2026 წლის 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა რაკეტებით შეტევა რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე მიკროელექტრონიკის ქარხანაზე „კრემნიი ელ“.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქარხანას დაარტყეს რაკეტებით Storm Shadow. რამდენი რაკეტით, გენერალურ შტაბს არ უთქვამს.

Storm Shadow ბრიტანულ-ფრანგული ფრთოსანი რაკეტაა.

  • რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ბრიანსკში 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 10 მარტს ღამით სოციალური ქსელებით გავრცელებული განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ქარხანას დაარტყეს „რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის სისტემური შემცირების ფარგლებში“.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ეს ქარხანა აწარმოებს ნახევარგამტარ ტექნიკას და ინტეგრალურ მიკროსქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის „ტვინი“ და „ნერვული სისტემაა“, კერძოდ, რუსული რაკეტების, „ისკანდერი“.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაფიქსირებულია ქარხნის სამრეწველო სიმძლავრეების მნიშვნელოვანი დაზიანება, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.

უკრაინის გენშტაბმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ბრიანსკის ქარხანაზე დარტყმას ასახავს.

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო განგაში 10 მარტს, საღამოს ექვსი საათისთვის გამოაცხადეს. რუსული ტელეგრამ-არხები ქალაქში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ.

საღამოს ცხრა საათისთვის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა რომ უკრაინის „ტერორისტული სარაკეტო შეტევის“ შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 37 დაიჭრა.

გუბერნატორს კონკრეტულად ქარხანა „კრემნიი ელი“ არ უხსენებია. ბოგომაზმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ იბარებს ანგარიშს შექმნილ ვითარებაზე რეაგირების შესახებ. ბრიანსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი გუბერნატორს ეუბნება, რომ „საამქრო დაზიანდა“ და „უკვე აქრობენ“.

რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ქარხნის ამწყობ საამქროს სულ მცირე ერთი რაკეტა მოხვდა და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქარხანასთან მდებარე მართვისა და ბიზნესის ტექნიკუმიც.

განახლება: 11 მარტს დილით ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავდა 42 ადამიანი, რომელთაგან 29 ჰოსპიტალიზებულია. ბოგომაზის თანახმად, 9 პაციენტს, რომელთა მდგომარეობა მძიმე და უკიდურესად მძიმეა, სპეციალურ ფედერალურ სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ.

10 მარტს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიანსკის სამხედრო ქარხანა კომპონენტებს აწარმოებდა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც უკრაინის ქალაქებს, სოფლებს და სამოქალაქო პირებს უტევენ, ამიტომ უკრაინა თავს იცავს.

  • უკრაინული წყაროები გასულ თვეებში იუწყებოდნენ ბრიანსკის ქარხანა „კრემნიი ელ“-ზე დრონებით შეტევის შესახებ, მათ შორის 2025 წლის იანვარში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG