საქართველოს სტუმრობდა დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარე, რომელიც უკრაინაში ომის მხარდამჭერია

ფოტოკოლაჟი: მარცხნივ მურად ისმაილოვი

საქართველოში იმყოფებოდა დაღესტნის რესპუბლიკის სამუფთოს თავმჯდომარე, მურად ისმაილოვი. ამის შესახებ მან თავის Telegram-არხზე დაწერა. ისმაილოვმა აღნიშნა, რომ მას პირადად შეხვდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი.

„გულწრფელად გიხდით მადლობას თბილი მიღებისთვის, ყურადღებისთვის და ძმური ურთიერთობისთვის“, - დაწერა ისმაილოვმა.

ამ ეტაპზე უცნობია, კიდევ ვის შეხვდა დაღესტნის სამუფთოს წარმომადგენელი.

ვინ არის მურად ისმაილოვი

მურად ისმაილოვი დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის მუფთის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, ისმაილოვი დაესწრო დაღესტნის რესპუბლიკის "როსგვარდიის" დირექტორატის სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცების გაცილების ცერემონიას - ისინი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საბრძოლო მისიებში მიემგზავრებოდნენ“ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას).

„მან სამშობლოს საზღვრებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სამსახურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამას დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა უწოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დანიშვნისთანავე ისმაილოვი რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გაემგზავრა „ჰუმანიტარული დახმარების მორიგი ტვირთით“. ამასთან, მან უკრაინაში მებრძოლი „კასპიის“ მოხალისეთა ბატალიონი მოინახულა.

საქართველოში ვიზიტამდე ისმაილოვი ბალკანეთის ქვეყნებს - სერბეთს, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას - სტუმრობდა.

რუსეთის ისლამური რელიგიური ლიდერები, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის სამუფთოს წარმომადგენლები, საჯაროდ უჭერდნენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს, მას „თავდაცვითს“ უწოდებდნენ და რუსული არმიის ქმედებებს ამართლებდნენ.

"რა ომი, რა უკრაინა?"

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთს, ეტიბარ ემინოვს, რომელიც ისმაილოვს შეხვდა. ემინოვი მანამდე დაესწრო "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მუსლიმი თემისთვის ორგანიზებულ იფთარს.

ემინოვის მტკიცებით, ვიზიტი წმინდად რელიგიურ ხასიათს ატარებდა და რამადანის წმინდა თვეს უკავშირდებოდა.

ისმაილოვის მიერ უკრაინაში ომის მხარდაჭერაზე დასმული შეკითხვის პასუხად ემინოვმა თქვა: „რა ომი? რა უკრაინა? ჩვენ ხომ საქართველოში ვართ - რას ეძებთ? ნებისმიერ მუსლიმს ნებისმიერი ქვეყნიდან მუსლიმებთან სტუმრობა შეუძლია. განსაკუთრებით რამადანის წმინდა თვეში“.

მისი სიტყვებით, ისმაილოვმა საქართველო უკვე დატოვა.

თავად მურად ისმაილოვს ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.