ევროკავშირმა კიდევ 4 პირი დაასანქცირა კრემლის სასარგებლოდ საინფორმაციო მანიპულაციისთვის

საილუსტრაციო ფოტო - ევროკავშირის დროშები

16 მარტს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი კიდევ ოთხი პირის დასანქცირებაზე.

კერძოდ, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, აგრეთვე მისი პარტნიორების წინააღმდეგ „უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევისთვის“ (FIMI) სანქციების სიაში მოხვდნენ:

  • რუსი პროპაგანდისტი სერგეი კლიუჩენკოვი, რომელიც, ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ასრულებს აქტიურ როლს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის გამამართლებელი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. მის სატელევიზიო და რადიოშოუებში ის არაერთხელ გამოვიდა უკრაინაში ძალადობის გაგრძელების მოწოდებით, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. ამასთან, ევროკავშირის ინფორმაციით, ის ოკუპირებული ტერიტორიების „დეუკრაინიზაციისკენ“, ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაციისა და უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მიმართ საპასუხო დარტყმებისკენ მოწოდებითაც გამოდის. ასეთ ქვეყნებს შორის კი ასახელებს: აშშ-ს, თურქეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.
  • ლიეტუვური წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი ერნესტ მაცკევიჩიუსი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში საღამოს ახალი ამბების გამოშვება მიჰყავს. ის დასანქცირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის, უკრაინისა და მისი შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ნარატივების რეგულარულად გავრცელებისთვის.
  • ბრიტანელი პროპაგანდისტი გრემ ფილიპსი, რომელიც ასრულებს აქტიურ როლს „დეზინფორმაციითა და პროპაგანდით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამართლებაში, რეგულარულად იღებს სიუჟეტებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ჩაწერა ინტერვიუები რუსების მიერ შეპყრობილ ბრიტანელ მებრძოლებთან, წერს სტატიებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების შესახებ.
  • ფრანგი ადრიენ ბოკე, რომელმაც არაერთხელ წარმოაჩინა თავი კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლად ევროპასა და რუსეთში. „ის ჩნდება კონფლიქტის სიმბოლურ ადგილებში, ინტერვიუებს აძლევს რუსეთის ტელევიზიას, აქვეყნებს სტატიებს X-ის პლატფორმაზე და წერს კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებისთვის“.

ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ აღნიშნული პირები „თავიანთი მოქმედებებით პასუხისმგებელნი არიან რუსეთის მთავრობის ქმედებებისა და პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროკავშირსა და უკრაინაში“.

16 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედებების გამო სულ სანქცირებულია 69 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი. სანქცირებულ პირებს უყინავენ ქონებას, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ ასეთი პირებისთვის ფინანსურ ან ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის მიცემა. ფიზიკურ პირებს კი ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი ტრანზიტისთვის გამოყენება.

ასევე ნახეთ ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები