მედიამ 17 მარტს, დილაადრიან გაიგო, რომ ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია.
„გუშინდელი დღე იყო, დაახლოებით შუადღე, როდესაც გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა; იყო გარკვეული პარამეტრები, რაც მოითხოვდა ჩარევას“, - განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს 19:30 საათისთვის.
„შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სატურაციის პრობლემების ირგვლივ გადაყვანილიყო ჩაფიძის კლინიკაში“, - თქვა მან.
- ჩაფიძის გულის ცენტრი დიდ დიღომში, ლუბლიანის ქუჩის სიახლოვეს მდებარეობს.
- „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, სადაც მას ახლა მკურნალობენ, საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს.
„აღმოჩნდა ჰემოგლობინის პრობლემაც“
მიხეილ სარჯველაძის თქმითვე, „მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინის პრობლემებიც არსებობდა“.
„ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რაც შესაძლოა იმწუთას მიმდინარეობდა უსიმპტომოდ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა. როგორც კი ეს გამოაშკარავდა, დაუყოვნებლივ, წუთებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ“, - განაცხადა მან.
მან დააზუსტა, რომ ეს მოხდა „დღევანდელი დღის [17 მარტის] ღამის 2 საათისთვის“.
პატრიარქს ახლა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მკურნალობენ
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ პატრიარქის გადმოყვანის შემდეგ კი „წუთებში იქნა გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების შესახებ, რამაც წარმატებულად ჩაიარა, რითაც მოხდა კუჭში არსებული კერის განეიტრალება“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, კუჭში არის თუ არა სისხლდენის სხვა აქტიური კერა, განაცხადა:
„რაიმე სხვა აქტიური კერა, რაც შეიძლება ყოფილიყო, არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე, ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემა არ განვითარებულა“.
რეანიმატოლოგი თურქეთიდან
მინისტრმა სარჯველაძემ აქვე დაადასტურა, რომ რამდენიმე საათში თურქეთიდან „დიდი ავტორიტეტის მქონე ექიმი, რეანიმატოლოგი“ ჩამოვა.
„კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება და ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან“, - თქვა მან.
სარჯველაძის თქმით, მოელის, რომ მისი დასკვნები დაემთხვევა „იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა“. „თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, იქნებ იყოს რჩევა რაიმე უკეთესზეც“.
ასევე ნახეთ ღამის პირველი საათისთვის ველით სპეციალისტს თურქეთიდან, არის მცირედი უკეთესობა - მოსაყდრე შიომანამდე, 18:45 საათისთვის, პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) განაცხადა: „დიახ, ღამის პირველი საათისთვის ველოდებით თურქეთიდან სპეციალისტს, რეანიმატოლოგს“.
„გვჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“ - კლინიკის დირექტორი
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ 19:35 საათისთვის ჟურნალისტებს განუცხადა:
„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რჩება კრიტიკული პარამეტრები, ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს მაქსიმალურად. ეს ხდება კვლავ მედიკამენტების ფონზე“.
„ძალიან გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა მან.
კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა კრიტიკულად, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური და „დამოკიდებულია პატრიარქის ორგანიზმზე“.
„ამიტომ ხდება ყველა პარამეტრის და ანალიზის კონტროლი საათობრივად“, - თქვა მან და დასძინა, რომ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეეძლებათ საუბარი, როდესაც „ჰემოდინამიკური პარამეტრები - წნევა, პულსი იქნება დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი“.
„მდგომარეობა ვარირებადია. აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარებისა. ახლა სიტუაცია, რა თქმა უნდა მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“, - თქვა მან.
- ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.
- 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
- კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.