პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აცხადებს, რომ „არის მცირედი უკეთესობა“ და დღეს ღამის პირველი საათისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებიან.
„ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. დიახ, ღამის პირველი საათისთვის ველოდებით თურქეთიდან სპეციალისტს, რეანიმატოლოგს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 18:45 საათისთვის.
„ჯერჯერობით ჩვენც ველით ახალ ინფორმაციას. საღამოს, ვფიქრობთ, რომ რაღაც გვეცოდინება. მაგრამ როგორც ვიცით, არის მცირედი უკეთესობა, შეინიშნება უკვე და დამაიმედებელი არის“, - განაცხადა მან.
„ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რაც აქამდე იყო დანიშნული და ელოდებიან, როგორი დინამიკა ექნება პატრიარქს, - წნევის პარამეტრები და სხვა, - რათა განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ექიმების კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის შეფასებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
იგი რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება, რათა „გულის მუშაობისა და წნევის შენარჩუნება“ მოხერხდეს.
კალოიანის ცნობითვე, მნიშვნელოვანი იქნება „შემდგომი დინამიკა, თუ რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა“.
ექიმების კონსილიუმი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს და აკვირდება, ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომპლექტებული.
ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია
17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.
კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძემ დღეს დილას უპასუხა:
„[იგი] იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია [პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.
ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.
2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.
ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში
1/30ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად აღსაყდრებამდე.
2/30არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
3/30ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
10/30სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
13/30ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
15/30ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
16/30ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.
18/30ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
19/30ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში, პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
20/30ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
21/30ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
22/30ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი,რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
24/30ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
27/30ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნისცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
ფორუმი