Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი

პატრიარქი ილია II ჰოსპიტალიზებულია - ლაივბლოგი

17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.

19:42

"ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით..."

პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აცხადებს, რომ „არის მცირედი უკეთესობა“ და დღეს ღამის პირველი საათისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებიან.

„ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. დიახ, ღამის პირველი საათისთვის ველოდებით თურქეთიდან სპეციალისტს, რეანიმატოლოგს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 19:45 საათისთვის.

„ჯერჯერობით ჩვენც ველით ახალ ინფორმაციას. საღამოს, ვფიქრობთ, რომ რაღაც გვეცოდინება. მაგრამ როგორც ვიცით, არის მცირედი უკეთესობა, შეინიშნება უკვე და დამაიმედებელი არის“, - განაცხადა მან.

18:58

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

„გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს.

მისი მრავალწლიანი საქმიანობა — რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — უმნიშვნელოვანესია“, - წერს მუსლიმთა სამმართველო.

18:43
ჯუზეპე პაზოტო, კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი
ჯუზეპე პაზოტო, კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი

კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად კავკასიის მედიცინის ცენტრში საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მივიდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა:

„მე ვიყავი შიგნით, ვინაიდან მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ნიშანი, რომ ჩვენი ეკლესია არის დღეს აქ. ვლოცულობთ ნებისმიერ ადგილზე, ჩვენი პატრიარქი იყო ხშირად ჩვენთან ერთად. მე მახსოვს, როცა მოვიდა პაპი, რამდენი საუბარი გვქონდა მასთან ერთად.

ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ სულიერად ერთად.

31 წლის განმავლობაში მქონდა მასთან ურთიერთობა, მამა-შვილური კავშირი, ის იყო მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილი მწყემსი. ჩვენ ლოცვით უნდა დავეხმაროთ, რომ მისი ცხოვრება იყოს ისეთი როგორიც ღმერთს სურს“.


18:26

პატრიარქის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქსში“ ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

„არ ვიცი, რა დავწერო ან რა ვთქვა — გარდა იმისა, რომ, როგორც ბევრმა, მეც ვიგრძენი პატრიარქის ჩემზე ზრუნვა და მისი სიყვარული. ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას.

უკვე წელიწადნახევარია — 2024 წლის სექტემბრიდან — ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი. არც კოვიდტესტირებამ და არც მრავალგზის შეხსენებამ შედეგი არ გამოიღო. ეს ჩემთვის დიდ წუხილად დარჩება.

დღეს კი ვიცი, რომ თხოვნასაც აღარ აქვს აზრი, სანამ ეს საკითხი სხვათა გადასაწყვეტი იქნება. საავადმყოფოში მისვლა, ინტერვიუების მიცემა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია. ამის სჯობს პარაკლისის გადახდა და ჩუმად ლოცვა მისი გამოჯანმრთელებისთვის“, - დაწერა მან.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG