კატარმა ირანელი ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კატარის სახელმწიფო დროშა

კატარის ხელისუფლება ქვეყნიდან აძევებს ირანის საელჩოს სამხედრო ატაშეს, უსაფრთხოების საკითხთა ატაშეს და მათი ოფისების თანამშრომლებს.

კატარმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა კატარის ერთ-ერთ უმსხვილეს, რას-ლაფანის სამრეწველო ცენტრზე, სადაც ნავთობის და გაზის ობიექტებია. კატარის მთავრობამ ირანის იერიშს სუვერენიტეტის დარღვევა და პირდაპირი საფრთხე უწოდა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანელი ატაშეები და მათი თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოსთხოვა, რომ 24 საათში ქვეყანა დატოვონ.

  • 18 მარტს, მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ისრაელმა ირანში დაბომბა სამხრეთ ფარსის უმსხვილესი გაზის საბადოს ინფრასტრუქტურა, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მორიგი იერიში მიიტანეს ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა დიდი შეცდომა იყო, საპასუხო ზომებს მიმართავს და თუ ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხები გაგრძელდება, სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეთა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას გაანადგურებენ.

დღეს, 19 მარტს დილით ადრე კატარის თავდაცვის სამინისტრომ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რას-ლაფანზე ისევ მიიტანა შეტევა ბალისტიკური რაკეტებით. კატარის შსს-ს ცნობით, სამრეწველო რაიონში ხანძარი გაჩნდა, მსხვერპლი არ არის. წინა, 18 მარტის შეტევის შემდეგ ენერგოკომპანია QatarEnergy-მ მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ განაცხადა.

19 მარტს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მორიგი განცხადება, რომელშიც ირანი დაადანაშაულა მეზობელი ქვეყნების მიმართ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში.

ასევე ნახეთ ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით დაემუქრა, თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტს საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქ ელ-რიადის თავზე მოიგერია რვა ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნამსხვრევები ჩამოცვივდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან, დაშავდა ოთხი ადამიანი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, მოიგერიეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატიც, რომელთაგან ერთ ქვეყნის აღმოსავლეთში გაზის ობიექტისკენ მიემართებოდა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ ქვეყანა იტოვებს საჭიროების შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების უფლებას.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტების მოგერიებით გამოწვეული „ინციდენტების“ გამო მუშაობა შეაჩერა ჰაბშანის გაზის გადამამუშავებელმა ობიექტმა. შეტევა იყო მურბან-ბაბის ნავთობის საბადოზეც.

ასევე ნახეთ მოსმენები სენატში: აშშ-ის დაზვერვამ დაადგინა, რომ ირანს ბირთვული გამდიდრების სამუშაოები არ განუახლებია
  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.