თებერვალში საქართველომ ტოგოში ნავთობპროდუქტების გაყიდვა დაიწყო - ამით ქვეყანა საექსპორტო ათეულში მოხვდა

ტოგო

საქართველომ დასავლეთ აფრიკაში მდებარე ტოგოსთან ვაჭრობა დაიწყო. ნავთობპროდუქტების ყიდვით ტოგო საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნების ათეულშიც კი მოხვდა, ადგილობრივი ექსპორტის კუთხით კი სამეულში.

ექსპორტის მაჩვენებლით ტოგო უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა აშშ, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, შვეიცარია, უკრაინა და ა.შ. ადგილობრივი ექსპორტის კუთხით კი მეზობელი სომხეთსაც კი უსწრებს.

ტოგოს შესახებ

დასავლეთ აფრიკაში მდებარე ტოგოს რესპუბლიკა 1960 წლიდან დამოუკიდებელია. ქვეყნის ფართობი 56 785 კვ კმ-ია. მისი მეზობელი ქვეყნებია: ბენინი, განა და ბურკინა-ფასო.

ტოგოში ნავთობის ექსპორტი ხდება

ტოგოში ჯამში 19 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა. საქსტატის მონაცემებით, ამით ეს ქვეყანა საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის (ადგილობრივი ექსპორტის) მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა:

  • ჩინეთი - $79,7 მლნ;
  • რუსეთი - $50,1 მლნ;
  • თურქეთი - $26,8 მლნ;
  • ტოგო - $19 მლნ.

უშუალოდ ნავთობპროდუქტების ექსპორტის მიმართულებით ტოგო საქართველოსთვის მთავრი პარტნიორია:

  • ტოგო - $19 მლნ;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $11,9 მლნ;
  • მალტა - $352 ათასი;
  • უზბეკეთი - $285 ათასი.

საქართველოდან ჯამში $31,9 მლნ-ს ღირებულების ნავთობის ექსპორტი მოხდა, რას გასული წლის იმავე მაჩვენებელს 14,6-ჯერ მეტია.

ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს წარმოებული ნავთობის ექსპორტს. საქართველო ნავთობს თითქმის არ მოიპოვებს. საქსტატის მონაცემებით, თებერვალში საქართველოში ნედლი ნავთობო მხოლოდ რუსეთიდან შემოვიდა, ჯამში 34 მილიონი დოლარის ღირებულების.

ასევე ნახეთ საქართველოში გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი 401%-ით გაიზარდა - რატომ?

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ნედლი ნავთობი თითქმის არ მოიპოვება, საექპორტო პროდუქტში ის გასულ თვეს მეორე ადგილზე იყო.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან 58,7 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანეს. გასულ წელთან შედარებით, ეს მონაცემები 401,5%-ით არის გაზრდილი.

მაშინ ნავთობის დიდი ნაწილი გავიდა სამ ქვეყანაში, რომელთა შორისაც არ იყო ტოგო:

  • თურქეთი - $24,3 მლნ დოლარი;
  • მალტა - $16,2 მლნ დოლარი;
  • სინგაპური - $11,9 მლნ დოლარი.

საიდან შემოდის ნედლი ნავთობი?

საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის შესახებ მონაცემები ექსპორტ-იმპორტის პორტალზე 2009 წლიდან აისახება. ამ ჩამონათვალში, ჯამში, 10 ქვეყანა მოხვდა, 257 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული პროდუქტით.

რუსეთიდან ნედლი საწვავი 2014-2017 წლებში შემოდიოდა, შემდეგ კი იყო რამდენიმეწლიანი წყვეტა. ოკუპანტი ქვეყნიდან პროდუქტის იმპორტი 2022 წლიდან განახლდა და მას შემდეგ მზარდია. მხოლოდ 2025 წელსა და 2026 წლის პირველ თვეში, ჯამში, 155 მილიონი დოლარის საწვავი შემოვიდა.

ყულევის ნავთობის ტერმინალი

ეკონომისტმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ გასულ თვეში მონაცემების გაცნობის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ პორტი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლაში.

ის ეჭვობდა, რომ რუსეთიდან „ნედლი ნავთობი კი არა, მზა ნაწარმი დიზელის საწვავის ან ბენზინის სახით [შემოვიდა]. გრძელდება ის აფიორა, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა“.

„საბუთებში მითითებული ნედლი ნავთობის ნაცვლად შემოიტანეს რუსული წარმოების დიზელის საწვავი ან ბენზინი და ექსპორტზე გაიტანეს, როგორც ქართული პროდუქტი. ეს საბაჟო საბუთების გაყალბება და სისხლის სამართლის დანაშაულია“, - აცხადებდა რომან გოცირიძე.

სანქციების საფრთხე

ყულევის ნავთობის ტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში შეყვანა განიხილებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილის მიხედვით, „პოზიცია გადაიხედა“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები. კერძოდ, ისინი გეგმავენ არ დაუშვან სანქცირებული გემების პორტში შესვლა ან მომსახურება.

რადიო თავისუფლებამ „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელს, ირაკლი კობახიძეს 16 მარტს ბრიდინგზე ჰკითხა, რადგან საქართველოში არ მოიპოვება ნავთობი, სტატისტიკურმა მონაცემებმა ხომ არ გააჩინა ეჭვი, ყულევის ნავთობის ტერმინალთან დაკავშირებით.

„არის კონკრეტული შემთხვევა - ქარხანა არ არსებობდა და ქარხანა არსებობს. რაც შეეხება ნავთობის გადამუშავებას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. არ არის აუციელებელი ქვეყანა იყოს თვითონ ნავთობის მომპოვებელი და ამუშავებდეს ნავთობროდუქტებს - რაც ხდება ჩვენს შემთხვევაში.

რაც შეეხება ყულევის პორტს, ამასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები გაკეთდა - ყულევის ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, რასთან დაკავშირებითაც ქართულმა მხარემ მტკიცებულებები წარადგინა“.