ჩეხეთის ხელისუფლება განზრახ მოწყობილ თავდასხმად განიხილავს ხანძარს, რომელიც პარასკევს, გამთენიისას მოხდა იარაღის საამქროში, ქალაქ პარდუბიცეში, პრაღიდან 120 კილომეტრის მოშორებით.
ამ ცნობას ოფიციალური პირები ავრცელებენ, მედიაში გამოჩენილი ინფორმაციის შემდეგ - რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა იკისრა გაურკვეველმა ჯგუფმა, სახელით "მიწისძვრის ფრაქცია". ჯგუფი თავის ქმედებებს უკავშირებს პროტესტს პარდუბიცეს ობიექტებზე ისრაელისთვის განკუთვნილი იარაღის წარმოების წინააღმდეგ.
"ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინციდენტი უკავშირდება ტერორისტულ აქტს" - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ლუბომირ მეტნარი. მისი ინიციატივით მიმდინარეობს კრიზისული შტაბის მუშაობა. ბრიფინგზე მეტნარმა განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში არ არის ინფორმაცია რაიმე ტიპის უშუალო საფრთხეზე სამომავლოდ.
ჩეხეთის საინფორმაციო საიტი Aktualne.cz მანამდე წერდა, რომ ჯგუფმა, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა იკისრა, განაცხადა პარდუბიცეში ისრაელის იარაღის "საკვანძო საწარმო ცენტრში" ხანძრის გაჩენაზე - რათა დასრულდეს მისი გამოყენება "გენოციდისთვის ღაზის სექტორში".
ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი მოედო კიდევ ერთ ნაგებობას.
ჩეხეთის თავდაცვის კომპანია LPP Holding განცხადებაში ადასტურებს ხანძრის ფაქტს და აცხადებს მზადყოფნას ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის.
2023 წელს LPP Holding-მა გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას გეგმავდა ისრაელის კომპანია Elbit Systems-სთან, დრონების წარმოების სფეროში - იუწყება სააგენტო Reuters-ი.