ტრამპი ირანს დაემუქრა ელექტროსადგურების განადგურებით, თუ 48 საათში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის

აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა დაბლოკა (საილუსტრაციო ფოტო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნის.

  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად თეირანმა დაბლოკა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და მისი გაძვირება გამოიწვია.

ჰორმუზი არაბეთის ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და ღია ოკეანეში გასასვლელია. ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაპირი ირანს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის ექსკლავ მუსანდამს.

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათის განმავლობაში არ გახსნის ყოველგვარი მუქარის გარეშე, აშშ დაარტყამს და გაანადგურებს ირანის სხვადასხვა ელექტროსადგურს და ამას ყველაზე მსხვილი სადგურით დაიწყებს.

ტრამპის პოსტი თბილისის დროით 22 მარტს, 03:44 საათზე გამოქვეყნდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის განცხადება, რომ ირანის სათბობ-ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემთხვევაში, თეირანის სამიზნე გახდება რეგიონში აშშ-ის კუთვნილი მთელი ენერგოინფრასტრუქტურა.

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა დროებით მოხსნა ირანული ნავთობისთვის დაწესებული სანქციები
  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობისა და გაზის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე.
ასევე ნახეთ ტრამპი ირანს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს აფეთქებით დაემუქრა, თუ ირანი ისევ დაარტყამს კატარს
ასევე ნახეთ ირანის ტრამპის ულტიმატუმს მუქარით პასუხობს - ლაივბლოგი