აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 20 მარტს საღამოს გამოაცხადა.
ბესენტმა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოკლევადიანი მოხსნის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს მსოფლიოში საწვავის მიწოდების ნაკადი და ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანი უტევს სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებს და ბლოკავს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და ნავთობის გაძვირება გამოიწვია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი იაფად ყიდულობს ირანულ ნავთობს, რომელზეც სანქციები ვრცელდება, მათი დროებით მოხსნის შედეგად კი აშშ მსოფლიო ბაზარს სწრაფად მიაწვდის დაახლოებით 140 მილიონ ბარელ ნავთობს და ხელს შეუწყობს შემცირებას მიწოდებაზე დროებითი ზეწოლის, რომელიც ირანის ქმედებებითაა გამოწვეული.
ბესენტის თანახმად, აშშ ირანულ ნავთობს თავად თეირანის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ფასები შეამციროს სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ირანული ნავთობისთვის სანქციების დროებით მოხსნის შემდეგაც თეირანს გაუჭირდება შემოსავლების მიღება, რადგან აშშ განაგრძობს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა ირანს არ ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე.
- 12 მარტს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დროებით, 11 აპრილამდე მოუხსნა რუსულ ნავთობსაც. ამ შემთხვევაშიც შეზღუდვისგან გათავისუფლდა უკვე ტანკერებზე ჩატვირთული და ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი.
- აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მიზეზად დაასახელა ირანის ქმედებებით გამოწვეული ვითარება და განაცხადა, რომ მიწოდების გლობალური მოცვის გასაზრდელად ფინანსთა სამინისტრო ქვეყნებს დროებით აძლევს უფლებას, შეიძინონ რუსული ნავთობი, რომელიც უკვე ზღვაშია.
ანალიტიკოსების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების პოლიტიკის დროებით შერბილება რადიკალურად შეცვლის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ შექმნილ ვითარებას მსოფლიო ბაზარზე, სადაც 2022 წლის შემდეგ პირველად ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ფორუმი