აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო მიზანმიმართულად დაარტყეს სულ მცირე ორ სამოქალაქო, კომერციულ გემს.
ამის შესახებ დღეს, 24 მარტს განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა(HRW).
ორგანიზაციამ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ 11 მარტს მიზანმიმართული დარტყმა იყო ორ კომერციულ გემზე, Safesea Vishnu-სა და Mayuree Naree-ზე. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, სამოქალაქო გემებსა და მათი ეკიპაჟების წევრებზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია.
გაეროს მონაცემებით, 2026 წლის 1-17 მარტის პერიოდში აღრიცხულია კომერციული გემების დაზიანების 17 შემთხვევა.
- ტაილანდის დროშით მცურავ Mayuree Naree-ზე შეტევა იყო ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ხოლო მარშალის კუნძულების დროშით მცურავ Safesea Vishnu-ზე - ერაყის ტერიტორიულ წყლებში.
HRW-ის განცხადებით, სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე უკანონო თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ როგორც ირანმა, ისე შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა.
ასევე ნახეთ ტრამპმა პენტაგონს დაავალა ხუთი დღის განმავლობაში არ დაარტყას ირანის ენერგოობიექტებს- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.