Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰორმუზის სრუტეში სამი გემი დაზიანდა უცნობი წარმომავლობის ჭურვებით დარტყმის შედეგად

ტაილანდის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა დაზიანებული სატვირთო გემის Mayuree Naree ფოტო
ტაილანდის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა დაზიანებული სატვირთო გემის Mayuree Naree ფოტო

11 მარტს ჰორმუზის სრუტეში სამ სატვირთო გემზე დარტყმები იყო ჯერჯერობით უცნობი წარმომავლობის ჭურვებით.

ერთ-ერთი ტაილანდის დროშით მცურავი გემი Mayuree Naree-ია, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტ ხალიფიდან გასვლის შემდეგ, ომანის ნაპირებიდან ჩრდილოეთით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა.

სააგენტო Reuters-ი ტაილანდის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის წევრებმა გემი სამაშველო ნავით დატოვეს, ისინი ომანის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა გადაარჩინეს. გადარჩენილია ეკიპაჟის 20 წევრი, 3 კი დაკარგულად ითვლება.

11 მარტს უცნობი წარმომავლობის ჭურვმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირიდან დაახლოებით 46 კილომეტრში დააზიანა იაპონიის დროშით მცურავი კონტეინერმზიდი გემი One Majesty. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) განაცხადა, რომ ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.

უცნობი წარმომავლობის ჭურვმა დუბაიდან 93 კილომეტრში დააზიანა კიდევ ერთი სატვირთო გემი. საზღვაო რისკების მართვის კომპანიის, Vanguard Tech-ის ინფორმაციით, ეს მარშალის კუნძულების დროშით მცურავი Star Gwyneth-ია. გემის ეკიპაჟი უსაფრთხოდაა.

  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტით მსოფლიოში წარმოებული ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედის ტრანსპორტირება ხდებოდა.
  • 2026 წლის 28 თებერვლიდან ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჰორუმზის სრუტის გავლით გემების მიმოსვლა 97%-ით შემცირდა.
  • 28 თებერვლიდან ამ რაიონში თავდასხმა იყო სულ მცირე 14 სატვირთო გემზე.


„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში დაარტყა ლიბერიის დროშით მცურავ სატვირთო გემს, რომელიც ისრაელს ეკუთვნოდა.

თეირანის განმარტებით, ის „ლეგიტიმურ“ სამიზნეებად თვლის ნავთობმზიდ გემებს, რომლებსაც ტვირთი აშშ-ში, ისრაელსა და „მათ პარტნიორ“ სახელმწიფოებში გადააქვთ.

„არ დავუშვებთ, რომ ერთმა ლიტრმა ნავთობმაც კი მიაღწიოს აშშ-ს, სიონისტებსა და მათ პარტნიორებამდე. მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გემი და ტანკერი იქნება ლეგიტიმური სამიზნე“, - განაცხადა 11 მარტს ირანის სამხედრო შტაბის სპიკერმა ებრაჰიმ ზოლფაყარიმ.

ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე დარტყმების გახშირება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის გაფრთხილებას. მან თეირანს მოსთხოვა ყველა ნაღმის აღება და დაემუქრა, რომ მათ დატოვებას მოჰყვება „სამხედრო შედეგები“, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა.

„თუკი ირანმა ჰორმუზის სრუტეში განათავსა რაიმე ნაღმები... ჩვენ გვსურს, ისინი დაუყოვნებლივ მოაშორონ“, - დაწერა ტრამპმა 10 მარტს პლატფორმა Truth Social-ზე და აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები „გაანადგურებენ თითოეულ გემს, რომელიც შეეცდება ჰორმუზის სრუტის დანაღმვას“.

იმავე დღეს, მოგვიანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკის ჯარმა „ ჰორმუზის სრუტის მახლობლად გაანადგურა არაერთი ირანული საზღვაო გემი... მათ შორის, 16 დამნაღმველი“.

ირანი აგრძელებს საპასუხო დარტყმებს ნავთობის ექსპორტიორ მეზობლებზე, რის ფონზეც მიწოდების შეფერხებამ რეგიონში კრიზისში ჩააგდო გლობალური ეკონომიკა. 11 მარტს ნავთობზე ფასები 5%-ზე მეტით გაძვირდა.

ირანის სამხედრო შტაბის სპიკერის განცხადებით, მსოფლიო ვაჭრობა უნდა მოემზადოს ნავთობზე ფასის ბარელზე 200 აშშ დოლარამდე გაზრდისთვის, „რადგან ნავთობის ფასი დამოკიდებულია იმ რეგიონის უსაფრთხოებაზე, რომლის დესტაბილიზაციაც თქვენ მოახდინეთ“.

მიმდინარე მოვლენებზე პასუხად, ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ერთხმად შეთანხმდა საგანგებო რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვაზე. სააგენტოს დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა განაცხადა:

„ნავთობის ბაზრის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა უპრეცედენტო მასშტაბის საგანგებო კოლექტიური მოქმედებით უპასუხეს მათ“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანის ომი „უნდა შეჩერდეს მანამდე, სანამ ის გაფართოვდება და სრულად ცეცხლის ალში გახვევს რეგიონს“.

„განადგურდება მეტი სიცოცხლე და საკუთრება; გლობალურ ეკონომიკას კი ეს კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება“.

11 მარტს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, დუბაის აეროპორტთან ახლოს ორი დრონი ჩამოვარდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ორი განის მოქალაქეა, ერთი - ინდოეთის და ერთი - ბანგლადეშის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG