ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დრონებით რუსეთზე უფრო მასშტაბური შეტევა იყო, ვიდრე უკრაინაზე

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად დაზიანებული ელექტროქვესადგური ოდესაში

რუსეთმა და უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ერთმანეთზე მორიგი შეტევა მიიტანეს. გასული ღამის განმავლობაში და დილით დარტყმების მთავარ სამიზნეებს შორის იყო ენერგოობიექტები. რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევაც იყო.

უკრაინის მონაცემებით, ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგად, ჩერნიგოვის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა 150 ათასამდე მომხმარებელს, ხოლო კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩის რაიონში - დაახლოებით 21 ათასს.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შედეგად ენერგოობიექტების სერიოზულად დაზიანების გამო ქალაქ ბელგოროდსა და სხვადასხვა რაიონში შეფერხდა ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის მიწოდება.

რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ფინეთის ყურესთან მდებარე უსტ-ლუგის პორტში. გუბერნატორის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ რეგიონში მოიგერია 50-ზე მეტი უკრაინული დრონი.

ასევე ნახეთ ლატვიაში აფეთქდა რუსეთის მხრიდან შესული დრონი
ასევე ნახეთ რუსეთის მხრიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შესული დრონი ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 მარტის ღამის თერთმეტი საათიდან 25 მარტის დილის შვიდ საათამდე ქვეყნის 15-მდე რეგიონში გაანადგურეს 389 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 147 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას დადასტურებული ჰქონდა 121 დრონის მოგერიება და 24-ით პირდაპირი დარტყმა 18 ადგილზე.

25 მარტს ლატვიამ და ესტონეთმა განაცხადეს, რომ მათ საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან დრონები შევიდნენ. ესტონეთში უპილოტო საფრენი აპარატი აუვერეს რაიონში მდებარე ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა. ლატვიაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა კრასლავის რაიონში. ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა. ბალტიის ორივე ქვეყანაში გამოძიება მიმდინარეობს.

  • 23 მარტს უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის მხრიდან აღმოჩნდა ბალტიის კიდევ ერთი ქვეყნის, ლიეტუვის ტერიტორიაზე. დრონი ვარენის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთისკენ მიმავალი, მაგრამ კურსს აცდენილი უკრაინული დრონი.
  • 23 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში დაარტყეს ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტს, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.