Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში აფეთქდა რუსეთის მხრიდან შესული დრონი

საილუსტრაციო ფოტო. ლატვია-რუსეთის საზღვარი
საილუსტრაციო ფოტო. ლატვია-რუსეთის საზღვარი

ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შევიდა და ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ დღეს, 25 მარტს განაცხადა ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ. მისივე ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი კრასლავის რაიონში აფეთქდა. მისი ნამსხვრევები ნაპოვნია და მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. ადგილზე იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები.

დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა შეწყვიტა უკრაინაში ვიზიტი და ლატვიაში დაბრუნება გადაწყვიტა.

განახლება: 25 მარტს რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეშიც და ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა.

23 მარტს უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის მხრიდან აღმოჩნდა ბალტიის კიდევ ერთი ქვეყნის, ლიეტუვის ტერიტორიაზე. დრონი ვარენის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთისკენ მიმავალი, მაგრამ კურსს აცდენილი უკრაინული დრონი. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო აპარატი რადარებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან საკმაოდ დაბლა მიფრინავდა.

23 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში დაარტყეს ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტს, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.

რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფალთა ცნობით, დღეს 25 მარტს დრონებით შეტევა იყო ფინეთის ყურესთან მდებარე უსტ-ლუგის პორტზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG