Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხრიდან ესტონეთის ტერიტორიაზე შესული დრონი ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა

ფოტო არქივიდან. რუსეთის ტერიტორიის დაწყების აღმნიშვნელი წარწერა ესტონეთთან საზღვარზე
ფოტო არქივიდან. რუსეთის ტერიტორიის დაწყების აღმნიშვნელი წარწერა ესტონეთთან საზღვარზე

რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დასახლებულ პუნქტ აუვერეში მდებარე ელექტროსადგურის საკვამურს მოხვდა.

25 მარტს გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით წერს ესტონური გამოცემა ERR. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოცემას მოჰყავს ესტონეთის გენერალური პროკურორის, ასტრიდ ასის განცხადება, რომ წინასწარი შეფასებით, დრონის სამიზნე უშუალოდ ესტონეთი არ ყოფილა, თუმცა ყველა გარემოების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებას პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებენ.

ენერგოკომპანია Enefit Power-ის წინასწარი შეფასებით, ელექტროსადგურს უშუალო დაზიანება არ მიუღია და ინციდენტი არ აისახება ესტონეთის ენერგოსისტემის მუშაობაზე.

დღეს დილით ინციდენტი იყო ლატვიაშიც. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შესული დრონი კრასლავის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. მიმდინარეობს გამოძიება.

ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი აპარატების შესვლის შესახებ რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.

განახლება: 25 მარტს, დღის მეორე ნახევარში ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელმა მარგო პალოსონმა განაცხადა, რომ დრონი, რომელიც ელექტროსადგურის საკვამურს შეეჯახა, იყო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული აპარატი და ის კურსს ასცდა რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონი უკრაინული იყო.

23 მარტს უპილოტო საფრენი აპარატი ბელარუსის მხრიდან აღმოჩნდა ბალტიის კიდევ ერთი ქვეყნის, ლიეტუვის ტერიტორიაზე. დრონი ვარენის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ლიეტუვის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო რუსეთისკენ მიმავალი, მაგრამ კურსს აცდენილი უკრაინული დრონი. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უპილოტო აპარატი რადარებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან საკმაოდ დაბლა მიფრინავდა.

23 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში დაარტყეს ბალტიის ზღვაზე, ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტს, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.

რუსეთის ამ რეგიონის ხელისუფალთა ცნობით, დღეს 25 მარტს დრონებით შეტევა იყო ფინეთის ყურესთან მდებარე უსტ-ლუგის პორტზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG