"ვიორსტკა": რუსეთში სკოლების მოსწავლეებს არმიისთვის ამუშავებენ

სკოლა (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთში სკოლების მოსწავლეებს სულ უფრო ხშირად ამუშავებენ არმიის საჭიროებებისთვის - ტექნოლოგიისა და შრომის გაკვეთილებზე მოსწავლეები ათობით სახეობის აღჭურვილობას ამზადებენ უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე ჯარისკაცებისთვის.

ამ ცნობას ავრცელებენ გამოცემები "ვიორსტკა" და "ნე ნორმა", ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით.

პუბლიკაციის თანახმად, გამოცემებმა გააანალიზეს ქსელ "ვკონტაქტე"-ზე გამოქვეყნებული 50 მილიონზე მეტი პოსტი, და მოპოვებული მონაცემები მოწმობს, რომ რუსეთის სამხედროებისთვის აღჭურვილობის წარმოებაზე ანგარიში წარმოადგინა 1000-ზე მეტმა სკოლამ 77 რეგიონიდან. ყველაზე მეტი ასეთი სკოლა აღირიცხა ბაშკირეთში, კრასნოდარის მხარეში და თათრეთში, ყველაზე ნაკლები - მოსკოვში. ყოველწლიურად მატულობს ცნობები შრომის გაკვეთილებზე, რომლებზეც მოსწავლეები რაიმეს ამზადებენ ფრონტის საჭიროებებისთვის.

გამოძიების თანახმად, ომის პერიოდში სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს სულ მცირე 57 სახის აღჭურვილობა ჯარისკაცებისთვის. საქმე ეხება ეკიპირების და ნიღბების ელემენტებს - შენიღბვის ბადეებს, სამხედრო ლაბადებს, ძილისა და ჰიგიენის ნივთებს, სანგრის სანთლებს, საკვებ პროდუქტებს და სხვა. "არა ტექნოლოგიის გაკვეთილი, არამედ საბრძოლო დავალება!" - მაგალითად, ასეთი პოსტი გამოაქვეყნა 2024 წლის ოქტომბერში ასტრახანის ერთ-ერთმა საშუალო სკოლამ, როცა აღწერდა მოზარდებისთვის მიცემულ დავალებას სანგრის სანთლების დამზადებაზე.

სამუშაო ანაზღაურებული არ არის, მასზე უარის თქმა არ შეიძლება, რადგან საქმე ეხება სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილს - ნათქვამია პუბლიკაციაში. ამასთან, პუბლიკაციაში არ მოხვდა პოსტები იმის შესახებ, რომ ბავშვები ფრონტისთვის ნივთებს კლასგარეშე დროშიც ამზადებენ, ასევე არ მოხვდა ცნობები ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ ნახატებსა და წერილებზე.

პედაგოგებმა, რომლებსაც "ვიორსტკა" ელაპარაკა, აღნიშნეს, რომ ზოგიერთ მოსწავლეს არ სურდა დავალების შესრულება. ამას უკავშირებდნენ ომის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, მათ ოჯახებში. "საერთო ზეწოლის ქვეშ ისინი ნებდებოდნენ" და სამუშაოში ერთვებოდნენ - ამბობს თავის მოსწავლეებზე ერთ-ერთი მასწავლებელი ქალი.

ასევე ნახეთ რუსეთში სავალდებულო მესენჯერი MAX – „ამხანაგი მაიორი“ შენს ტელეფონში