უკრაინამ შეწყვეტილად გამოაცხადა დსთ-სთან „ბოლო კავშირებიც“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა უკრაინის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) ფარგლებში და რუსეთის და ბელარუსის მთავრობებთან სხვადასხვა დროს გაფორმებული 116 ხელშეკრულების მოქმედება.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა 26 მარტს, „წყვეტენ ბოლო კავშირებს ე.წ. დსთ-სთან“.

მინისტრის თანახმად, უკრაინის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა უნდა შეესაბამებოდეს „ომის რეალიებს და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას“, რისთვისც საჭიროა გაწყდეს „ბოლო იურიდიული ძაფები“, რომლებიც უკრაინას ოდესღაც აკავშირებდა რუსეთთან, ბელარუსსა და დსთ-სთან.

სიბიჰას თანახმად, ამ დეტალურ და კომპლექსურ იურიდიულ პროცესს სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა, რომელსაც სისტემატურად ასრულებენ და 116 ხელშეკრულების გაუქმება, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მთავრობამ გააკეთა, ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მასშტაბური ნაბიჯია.

116-დან 87 დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში იყო გაფორმებული.

ასევე ნახეთ უკრაინამ ლუკაშენკას სანქციები დაუწესა

უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ყოფილი რესპუბლიკების უმრავლესობის მიერ 1991 წელს შექმნილ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სტრუქტურებში მონაწილეობის შეწყვეტის პროცესი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს დაიწყო.

2018 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც შეწყდა უკრაინის მონაწილეობა დსთ-ის საწესდებო ორგანოებში, თუმცა უკრაინა დარჩა ამ ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მონაწილედ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებად ამ დრომდე რჩებიან რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვას დაწყებული აქვს გასვლის პროცესი.