საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, წინა შაბათისთვის დაგეგმილი მარში გადაიდო; თუმცა გრძელდებოდა უწყვეტი პროტესტი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
28 მარტს, უწყვეტი აქციების 486-ე დღეს, მარშის მონაწილეებმა გზა ფილარმონიიდან, რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობისკენ მუსიკისა და ტრადიციული დასარტყმელი ინსტრუმენტების გარეშე გაიარეს.
მარშს წინ მიუძღოდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული, სინდისის პატიმრებად მიჩნეული ადამიანების ოჯახის წევრები.
აქცია-მარშის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ საავტომობილო გზის ნაწილი.
28 მარტის აქცია უპირატესად ეძღვნებოდა ოპოზიციური პარტიის "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელსაც, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 24 მარტს, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
უკვე ექვსი თვეა, ელენე ხოშტარია საპატიმროშია. ის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც, წინა დღით, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერობის მაშინდელი კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით დააწერა - "რუსული ოცნება".
უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.