რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე მასირებული შეტევა იყო, ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში მდებარე ბერიევის სახელობის საავიაციო ქარხანას 2025 წლის 25 ნოემბერს დაარტყეს

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, რომელიც ამ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფეთქებები იმით ახსნა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებდნენ.

30 მარტს დილის შვიდი საათისთვის ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მასირებული შეტევის მოგერიების შედეგად“ ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

მერის თანახმად, დაზიანებულია 12 მრავალბინიანი და 27 კერძო სახლი და სკოლის შენობა, მობინადრეები ევაკუირებული არიან თავისუფლების ქუჩის პირველ ნომერში მდებარე სახლიდან.

კამბულოვას ცნობითვე, დაზიანებულია სამი საწარმოც.

  • ტაგანროგში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის მეტალურგიული და საავტომობილო ქარხნები და ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი, სადაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაცია და შეკეთება ხდება.

ტაგანროგის მერს დაზიანებული საწარმოები არ დაუკონკრეტებია. ამასთან, კამბულოვას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, „ტრამვაის მოძრაობა დროებით შეჩერდა ბერიევის ქარხნის მიმართულებით".

  • ტაგანროგის ამ საავიაციო ქარხანას უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2025 წლის ნოემბერსა და 2026 წლის იანვარში შეუტიეს.

უკრაინას ტაგანროგზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ ლენინგრადის ოლქში შეტევა იყო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
ასევე ნახეთ Reuters: რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების 40% მწყობრიდან არის გამოსული
  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.