Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლენინგრადის ოლქში შეტევა იყო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

ფოტო არქივიდან. ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზი“(კინეფი)
ფოტო არქივიდან. ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზი“(კინეფი)

26 მარტს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშის რაიონში, სადაც არაერთი მსხვილი საწარმოა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფეთქებები ახსნა საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ უკრაინული დრონების მოგერიებით.

რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ კირიშის სამრეწველო ზონაში „დაზიანებებია“. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. დროზდენკოს თანახმად, რეგიონში მოგერიებულია 20-ზე მეტი დრონი.

რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზზე“ (კინეფი), რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი, რუსეთის მასშტაბით კი ერთ-ერთი უმსხვილესია და ბენზინს, დიზელს, ნავთს და მაზუთს აწარმოებს.

სამიზნე, რომ ეს ქარხანა იყო, წერს უკრაინული ტელეგრამ-არხიც Exilenova+.

  • „კინეფს" უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2024 წლის გაზაფხულზე და 2025 წლის შემოდგომაზეც დაარტყეს.

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე ობიექტებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით:

  • 23 მარტს დაარტყეს ლენინგრადის ოლქში მდებარე პრიმორსკის პორტის ნავთობტერმინალს.
  • 25 მარტს ლენინგრადის ოლქში იერიში მიიტანეს ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგზე“ და ვიბორგის გემთმშენებელ ქარხანაზე.
  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG