ტრამპს ირანის ნავთობი სურს

ირანთან მოლაპარაკებები რომ კარგად მიმდინარეობს, ეს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 29 მარტს განუცხადა პრეზიდენტის თვითმფრინავშიც, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის ნავთობი სურს და არ გამორიცხავს, რომ დაიპყრობენ კუნძულ ხარქს, საიდანაც ირანი ახორციელებს ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტს.

ირანული ნავთობისადმი ინტერესის შესახებ ტრამპმა ილაპარაკა ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არ დამალა, რომ ირანიდან ნავთობის წამოღება სურს. „ზოგიერთი სულელი აშშ-ში ამბობს, რატომ აკეთებთ ამას? მაგრამ ისინი სულელი ხალხია”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანულ ნავთობთან დაკავშირებული სიტუაცია შეადარა ვენესუელის სიტუაციას, როცა ამ ქვეყნის მმართველ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ 2026 წლის იანვარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და მისი დაპატიმრების შემდეგ ამ ქვეყნის ნავთობის მრეწველობის გაკონტროლება გადაწყვიტა.

რაც შეეხება კუნძულ ხარქს, ტრამპის თქმით, შესაძლოა, დაიპყრონ, ან არა და „ბევრი ვარიანტი" აქვთ.

როგორც Financial Times-ი წერს, ხარქზე თავდასხმა სარისკოა, რადგან გაზრდის ამერიკელ სამხედროებში დანაკარგების შესაძლებლობას და ომის გაგრძელებასა და ხარჯების გაზრდასაც გამოიწვევს.

ასევე ნახეთ პაკისტანის განცხადებით, საუდის არაბეთი, თურქეთი და ეგვიპტე ირანში ომის საბოლოო დასრულების გზებს განიხილავენ
ასევე ნახეთ რა წერია ირანის სამშვიდობო გეგმაში? - ვაშინგტონის და თეირანის ვერსიები

აშშ-ის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ირანთან არაპირდაპირი მოლაპარაკებები წარმატებით გრძელდება და ცეცხლის შეწყვეტას შესაძლოა, მალე მიაღწიონ.

ტრამპის თანახმად, ირანში 13 ათასი სამიზნე უკვე დაბომბეს და დაახლოებით 3 ათასი დარჩა.

  • გასულ კვირაში მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა.
ასევე ნახეთ ტრამპმა კიდევ 10 დღით გადადო ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლეს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და ბევრი სხვა მაღალჩინოსანი და ის ხალხი, ვისთანაც დღეს საქმე აქვთ, ადამიანების სულ სხვა ჯგუფია და პროფესიონალები არიან.

ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, რომელიც „გაქრა" ან მკვდარია, ან მძიმე მდგომარეობაშია.

  • ირანის ხელისუფლებამ მარტის პირველ ნახევარში დაადასტურა მოჯთაბა ხამენეის დაჭრის ფაქტი, თუმცა თეირანის თანახმად, თავს კარგად გრძნობს.
ასევე ნახეთ ირანის უზენაეს ლიდერად არჩეული აიათოლა ერაყის ხალხსა და რელიგიურ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ირანთან მოლაპარაკებები რომ კარგად მიმდინარეობს, ეს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 29 მარტს განუცხადა პრეზიდენტის თვითმფრინავშიც, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.

ტრამპის თანახმად, ირანი დაეთანხმა აშშ-ის მოთხოვნების უმრავლესობას. თეირანს ეს არ დაუდასტურებია.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

29 მარტს ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის და თუ პრეზიდენტი ტრამპი ამ გეგმას დაამტკიცებს, ეს იქნება ომის ახალი ეტაპი და ამერიკული ჯარებისთვის გაცილებით სახიფათო, ვიდრე სამხედრო ოპერაციის პირველი ოთხი კვირა. ირანის ხელისუფლება განადგურებით დაემუქრა ამერიკელ სამხედროებს, თუ ისინი ირანის მიწაზე ფეხს დადგამენ.