უკრაინა მზად არის ცეცხლის შესაწყვეტად აღდგომის დღესასწაულის დღეებში და საერთოდაც მზად არის საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, თუ რუსეთის მხრიდანაც მსგავსი მზადყოფნა იქნება. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის უკრაინის და რუსეთის, 2026 წელს აღდგომას აღნიშნავენ 12 აპრილს.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ნორმალური ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს პატივს სცემენ, საუბრობენ არა დროებით, არამედ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე, მაგრამ უკრაინა მზად არის ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა უკრაინის ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისისა.
ასევე ნახეთ ზელენსკი Reuters-ს: აშშ უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირებს უკრაინის მხრიდან დონბასის დათმობასუკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არიან განიხილონ ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა - სრული, ენერგეტიკის და სასურსათო უსაფრთხოების სფეროში და ა.შ. და ამას ყოველთვის სთავაზობდნენ, ამიტომ, თუ რუსები მზად იქნებიან, შეუძლიათ დაასახელონ ნებისმიერი ვადა და უკრაინა მზად არის ამ საკითხის გადასაწყვეტად.
- 2025 წელს, როცა აღდგომა 20 აპრილს იყო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთს ზავის პირობები არ დაუცავს.
უკრაინა ოთხ წელზე მეტია ებრძვის რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას. აშშ-ის შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რუსეთი ომის დასრულების უმთავრეს პირობად ასახელებს დონბასიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას, რაც კიევისთვის მიუღებელი პირობაა.
ასევე ნახეთ კრემლი უარყოფს, რომ პუტინმა ბიზნესმენებს უკრაინაში ომისთვის ფული სთხოვა