ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც წვევამდელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო-მტკიცებულებები.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ 34-წამიან ვიდეოკადრებში, რომლებიც ჯერ შენობასა და შემდეგ ავტომობილში, ფარულადაა გადაღებული, ისმის ორი მამაკაცის საუბარი. საუბრის შინაარსი ეხება თანხის რაოდენობასა და ამ თანხის გადაცემის დეტალებს.
- წავალ ახლა და 3000 ლარს მოგიტან და ორ საათში მოვალ. ერთ საათში ან ორ საათში. აქ მოვიდე თუ სად?
- ერთ საათში აქ მოდი.
- შეიძლება ერთი საათი დამაგვიანდეს, ვერ მოვიდე ერთ საათში.
- დამირეკე.
- ხო და დამირეკე და სადაც იქნები, იქ მოვალ... უღრმესი მადლობა.
- ეგი 1000, ეგი 2000, ეგი 3000.
- პატიოსანი კაცი ხარ შენ.
- არ ფულს... დათვალე.
- კაი, გაჩერდი ახლა...
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის (ქრთამის აღება) პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციული ბრალდებით, ქრთამის აღება-მიცემის საქმეზე 21 ადამიანი მისცა პასუხისგებაში. დაკავებულთა შორის იყვნენ ექიმები და სამხედრო აღრიცხვის თანამშრომლები.
მათ შორის, სუსის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ცენტრის ექიმმა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, წვევამდელს, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ყალბი ცნობა დაუმზადა.