ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ის შეთანხმებას სამშაბათამდე უნდა დათანხმდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფრო მასშტაბური დაბომბვა ელის. "იმედი მაქვს არ მომიწევს ამის გაკეთება" - დასძინა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა სამშაბათის ღამე დაუწესა ირანს ბოლო ვადად ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დასათანხმებლად - სხვა შემთხვევაში დარტყმები განხორციელდება მის ელექტროსადგურებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ტრამპი მოითხოვს ირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის განვითარებაზე და გახსნას ჰორმუზის სრუტე.
სააგენტო Reuters-ს მოაქვს ოპერაციის კრიტიკოსების მოსაზრება - რომ სამოქალაქო ელექტროსადგურებზე იერიშები შესაძლოა ომის დანაშაულებს გაუტოლდეს. თუმცა ტრამპმა ეს მოსაზრება 6 აპრილს უარყო.
"ამაზე არ ვდარდობ. იცით, რა არის ომის დანაშაული? ატომური იარაღის ქონა" - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციამდე, ბავშვებისთვის გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე თეთრი სახლის ეზოში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა 6 აპრილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორშაბათს განხორციელდება ყველაზე მასშტაბური დარტყმები ირანის წინააღმდეგ საბრძოლო კამპანიის დაწყების დღიდან - და თეირანი გააფრთხილა, რომ იერიშები გაგრძელდება.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს უამრავი ცნობა ირანელი სამოქალაქო პირებისგან, რომლებიც აშშ-ს მოუწოდებენ არ შეწყვიტონ ირანის ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
"ისინი მზად არიან იტანჯონ, რათა თავისუფლება ჰქონდეთ" - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემთხვევაში მთავრობის წინააღმდეგ ირანელი ხალხი უნდა გამოვიდეს - თუმცა დასძინა, რომ მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა.
"დიახ, ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ შედეგები კვლავ დიდია" - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე და დასძინა - "მათ უთხრეს - თუ პროტესტს გამოთქვამთ, მყისიერად გესვრიან".
ტრამპა, ჰეგსეთმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელმა, ჯონ რეტკლიფმა ამავე პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ირანის თავზე ჩამოგდებული აშშ-ის თვითმფრინავის პილოტის გადარჩენის წარმატებულ ოპერაციაზე.