Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და CIA-ის დირექტორმა ისაუბრეს მფრინავის გადარჩენის ოპერაციაზე

F-15E
F-15E

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა და სხვა მაღალჩინოსნებმა 6 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს გამანადგურებელ F-15E-ის მეორე პილოტის გადარჩენის ოპერაციაზე. თვითმფრინავი ირანის თავზე გასულ კვირაში ჩამოაგდეს.

ძებნისა და გადარჩენის ოპერაცია დღე-ღამეზე მეტხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა, პილოტი ირანის ტერიტორიიდან გაიყვანეს. მანამდე გადაარჩინეს ეკიპაჟის პირველი წევრიც.

ტრამპის თქმით, პილოტების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე. პირველი ფაზის განმავლობაში ჰაერში ავიდა 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი. ერთ-ერთ მფრინავს აპრილს მიაგნო ვერტმფრენ HH-60W Jolly Green II-ის გუნდმა.

თუმცა მეორე პილოტი კატაპულტირების შემდეგ თავისი კოლეგისგან მოშორებით დაეშვა მიწაზე და მისი პოვნა გახანგრძლივდა. პილოტი მთიან ადგილს აფარებდა თავს. ტრამპის თქმით, მფრინავმა იქ შეძლო ჭრილობების დამუშვება და ამერიკელებისთვის თავისი ადგილსამყოფლის კოორდინატების შეტყობინება. მისი გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა 150-ზე მეტი თვითმფრინავი. პილოტის ნაბიჯებს ტრამპმა გმირული უწოდა, ხოლო გადარჩენის ოპერაცია აღწერა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულად და მასშტაბურად.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელმა, ჯონ რეტკლიფმა ილაპარაკა სადაზვერვო უწყების თანამშრომლების როლზე ამ ოპერაციაში. მისი თქმით, პილოტის პოვნა ისეთივე რთული იყო, როგორიც ქვიშის მარცვლისა უდაბნოში - თუმცა ამის გაკეთება მოხერხდა. რეტკლიფის თქმით, უწყების თანამშრომლებმა მოახერხეს ირანის სპეცსამსახურების დაბნევა და მათ შეუქმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ძიება სხვა რაიონში მიმდინარეობდა.

CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონს ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა და ბოლოს პილოტის ევაკუაციისთვის მიავლინეს MC-130s-ის ტიპის ორი თვითმფრინავი - რომელთა ბორტზეც იყო ვერტმფრენები MH-6 Little Bird. თვითმფრინავები პილოტისგან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით დაფრინდა, რის შემდეგაც ვერტმფრენებმა მისი ევაკუაცია 7 წუთში შეძლეს. ოპერაციის ბოლოს თვითმფრინავები ბაზაზე დაბრუნდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG