რუსეთმა ირანს გადასცა ისრაელის ენერგოობიექტების სია - მედია

ირანის სარაკეტო დარტყმით გამოწვეული კვამლი ისრაელის სამხრეთში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის დაზვერვამ ირანს გადასცა ისრაელის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 55 მნიშვნელოვანი ობიექტის დეტალური სია. ამის შესახებ 6 აპრილს უკრაინის დაზვერვასთან კავშირის მქონე წყაროზე დაყრდნობით დაწერა ისრაელის ინგლისურენოვანმა გამოცემა The Jerusalem Post-მა.

გამოცემის წყაროს თანახმად, რუსეთისგან მიღებული ინფორმაცია ირანს მისცემს ისრაელის ენერგოსისტემაზე მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობას. ობიექტები დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • ელექტროენერგიის წარმოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა განადგურება ზიანს მიაყენებს ისრაელის ნაციონალურ ენერგოსისტემას. მაგალითად, ელექტროსადგური ოროტ რაბინი.
  • ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ენერგოობიექტები, რომლებიც მსხვილ დასახლებულ პუნქტებს ემსახურებიან.
  • რეგიონული ქვესადგურები.

საერთაშორისო სამართლით, სამოქალაქო ობიექტების მიზანმიმართულად განადგურება ომის დანაშაულია.

როგორც The Jerusalem Post-ი წერს, რუსეთის დაზვერვის შეფასებით, ისრაელის ენერგოსისტემის მოწყვლადობას განაპირობებს იზოლაციის მაღალი დონე, რადგან ისრაელი „ენერგეტიკული კუნძულია“ და მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს არ აწარმოებს. გამოცემის წყაროს თანახმად, რუსეთის დაზვერვამ ირანს შეატყობინა, რომ ისრაელის ენერგოსისტემის რამდენიმე ცენტრალური კომპონენტის დაზიანებაც კი გამოიწვევს ხანგრძლივ ენერგეტიკულ კოლაფსს.

უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთის მიერ ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემას ორი მიზანი აქვს - განამტკიცოს რეგიონში თავისი მოკავშირე და ახლო აღმოსავლეთში გამოიწვიოს ახალი კრიზისი, რათა უკრაინაში ომისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს.

6 აპრილს რუსეთს არ გაუკეთებია კომენტარი ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

ასევე ნახეთ

ზელენსკი შიშობს, რომ ირანის ომმა შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს კიევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა
  • შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანი რაკეტებით და დრონებით უტევს ისრაელს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება ელექტროსადგურების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებით, თუ თეირანი უარს იტყვის შეთანხმებაზე. ტრამპის მიერ დათქმული ვადა 7 აპრილს იწურება.
  • მარტის ბოლოს დასავლეთის და ისრაელის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა. მათ შორის აგრესიის სრულად შეწყვეტა, ომის განუახლებლობის გარანტიები და ზარალის კომპენსაცია.
  • 6 აპრილს ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თეირანმა პაკისტანის შუამავლობით შეერთებულ შტატებს გადასცა ომის დასრულების 10-პუნქტიანი გეგმა. თეირანის ძირითადი მოთხოვნებია მომავალში თავდასხმის აღკვეთის გარანტიები, საერთაშორისო სანქციების სრულად მოხსნა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი, შესაძლოა, სამშაბათს "გაჩანაგდეს", ჰეგსეთი ამბობს, რომ მოსალოდნელია მასშტაბური თავდასხმები
  • ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ამ პროგრამას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მის დახურვას მოითხოვს, თეირანის თანახმად კი, პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.