Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი შიშობს, რომ ირანის ომმა შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს კიევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა

ვოლოდიმირ ზელენსკი. ბუქარესტი, 12 მარტი, 2026.
ვოლოდიმირ ზელენსკი. ბუქარესტი, 12 მარტი, 2026.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს კიევის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა. მან ამის შესახებ ისაუბრა სტამბოლში ვიზიტის დროს Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ. ამიტომ, ვშიშობ, რომ [ირანში] გაჭიანურებული ომი ჩვენი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს“, - თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ თავდაპირველად არ მიიღო საკმარისი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მათთვის განკუთვნილი რაკეტები. თუ ირანში ომი მალე არ დასრულდება, ზელენსკის აზრით, უკრაინისთვის ისედაც მცირე დახმარების პაკეტი „ყოველდღიურად უფრო და უფრო შემცირდება“.

AP-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურად სარგებელს იღებს ახლო აღმოსავლეთში ომიდან, რის მიზეზადაც აშშ-ის სანქციების შემსუბუქება დაასახელა. „რუსეთი ამით დამატებით ფულს იღებს, ასე რომ, დიახ, ისინი სარგებელს იღებენ“, - თქვა მან.

ზელენსკი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეტ ტაიპ ერდოანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა მას მერე, რაც წინა დღით გაიმართა თურქეთის ლიდერის საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ზელენსკის თქმით, მან და ერდოანმა განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ლიდერთა შესაძლო შეხვედრა სტამბოლში.

12 მარტს აშშ-მა დროებით შეამსუბუქა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და შესაძლებელი გახადა ერთი თვის განმავლობაში იმ რუსული ნავთობის ექსპორტი, რომელიც იმ დროს უკვე ზღვაში იყო ტანკერებზე. მანამდე ინდურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა დროებითი ნებართვა მიიღეს უკვე ზღვაში მყოფი რუსული ნავთობის შესაძენად, რომელსაც იმ მომენტისთვის არ გამოუჩნდა მყიდველი.

აშშ და ისრაელი ირანს 28 თებერვლიდან ურტყამენ. საპასუხოდ თეირანი ბომბავს ისრაელსა და სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს. ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადაიზიდება, თითქმის მთლიანად არის ჩაკეტილი. ამან გამოიწვია სპარსეთის ყურეში ნავთობის წარმოების შემცირება და ენერგომატარებლების ფასების ზრდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG