ვნახეთ, რა მოუვიდათ საქართველოს და უკრაინას რუსეთთან მტრობით - ფაშინიანის მთავარი კონკურენტი

ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებელი

სომხეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, სომეხი-რუსი მილიარდერი ბიზნესმენი, პატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებს იმის გამო, რასაც რუსეთთან „უხეშობას“ უწოდებს.

მისი თქმით, ან სომხეთში 7 ივნისის არჩევნების შედეგად მოხდება ცვლილებები, ან არადა „ივლისში ნიკოლ ფაშინიანის გამო მივიღებთ რუსეთთან დაწყებულ ეკონომიკურ ომს“.

„არ გვჭირდება ახალი ომები“

მისი თქმით, ფაშინიანმა სომხეთი „აქცია გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველად“.

„რა საჭირო იყო ჩვენი მეგობარი რუსეთის ჩვენი რეგიონიდან განდევნის მცდელობა? მის ყოფნას არასდროს შეუშლია ხელი სომხეთის თანამშრომლობასა თუ ვაჭრობაში სხვა ძალაუფლების ცენტრებთან“, - წერს კარაპეტიანი 7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციონერი ბიზნესმენის თქმით, მოქმედ პრემიერს „არ აღელვებს ჩვენი თანამემამულეების ბედი, მათი ჯიბეებისა და მაცივრების მდგომარეობა“.

„რა თქმა უნდა, ის არ დარჩება [ხელისუფლებაში]. ჩვენ ამ მცირე ჯგუფს ჩამოვიშორებთ და მეგობრობას დავამყარებთ რეგიონის ყველა ქვეყანასთან, ძალაუფლების ყველა ცენტრთან“, - წერს ის.

„ჩვენ ვიხილეთ, რა დაემართათ საქართველოს და უკრაინას. ჩვენ ახალი ომები არ გვჭირდება“, - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ასევე ნახეთ

ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოში

„ნიკოლის სასარგებლოდ ხმის მიცემით მიიღებთ სიღარიბეს და მტრობას რუსებთან, პოლარიზაციას და ეკონომიკის კოლაფსს. გვენდეთ ჩვენ და გვექნება რეალური ცვლილება“, - წერს იგი.

რუსეთის ფედერაცია 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, რასაც მოჰყვა აგვისტოს ომი, შემდეგ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ ცნობა.

უკრაინაში რუსეთის ფედერაცია ჯერ 2014 წელს შეიჭრა, 2022 წლიდან კი წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელსაც მეხუთე წელია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.


ასევე ნახეთ

კარაპეტიანის თქმით, ივანიშვილი ფაშინიანს „უგულებელყოფს“, ბიძამისს კი „სიამოვნებით შეხვდებოდა“

გუშინ, 6 აპრილს, საღამოს კარაპეტიანის ძმისშვილმა, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნარეკ კარაპეტიანმა, თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაწერა:

„იცით, როდის გვეცოდინება, რომ ჩვენ [სომხეთს] ძლიერი დიპლომატია და ძლიერი მმართველები გვყავს? როდესაც ჩვენი უახლოესი მეზობლის ლიდერი შეწყვეტს ჩვენი პრემიერ-მინისტრის უგულებელყოფას და ბოლოს და ბოლოს, დათანხმდება მასთან შეხვედრას“.

მისივე თქმით, ბიძამისი, სამველ კარაპეტიანი, არის ადამიანი, რომელსაც ივანიშვილი „სიამოვნებით შეხვდებოდა“.

  • კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ გაცხადებული მიზანი საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვებაა;
  • 2026 წლის მარტში IRI-ის კვლევით, „ძლიერ სომხეთს“ 11% აძლევს ხმას, ფაშინიანის გუნდს კი - 29%; გამოკითხულთა 28% „გადაუწყვეტელია“.

დაძაბულობა რუსეთთან

სამველ კარაპეტიანი არის ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომელსაც, სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან 1 აპრილს გამართულ შეხვედრაზე.

მედიის თანდასწრებით, პუტინმა გააფრთხილა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ხელისუფლებას არ აეკრძალა ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმ ოპოზიციური პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც პუტინმა დაახასიათა, როგორც „პრორუსული“.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა პუტინთან შეხვედრა, თუმცა რკინიგზაზე შეთანხმება არ შემდგარა

ფაშინიანი-პუტინის შეხვედრის შედეგ „როსსელხოზნადზორმა“ კვლავ გაამკაცრა კონტროლი სომხეთიდან ექსპორტირებულ კარაქზე, ყველსა და კალმახზე.

2 აპრილს "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ისევ შეკითხვებს აჩენს.

უწყება ეჭვობს, რომ სომხეთში არ არის წარმოებული ამ ქვეყნიდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„როსსელხოზნადზორის“ მსგავსი განცხადებები ხშირად გამხდარა პროდუქციის დაბლოკვის წინაპირობა.

გამკაცრებულ კონტროლზე პასუხად სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა 6 აპრილს განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასს გაზრდის ან ერევანს სხვა ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, სომხეთი დატოვებს „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“.

ასევე ნახეთ

სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ