ამის შესახებ ფსბ-ის პრესსამსახურმა განაცხადა. როგორც ტელეგრამის არხი "7x7" აღნიშნავს, ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სინამდვილეში 12 მარტს იქნა მიღებული.
გარდა ამისა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა “იჩქერიის” 29 ფილიალი 14 ევროპულ ქვეყანაში.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1991 წელს დაარსებულ "ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას" ამჟამად ხელმძღვანელობს ჩეჩენი დისიდენტი ახმედ ზაკაევი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს.
განცხადების თანახმად, დაჯგუფების წევრები მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ და ასევე ჩართულნი იყვნენ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში განხორციელებულ სადაზვერვო-სადესანტო ოპერაციებში.
ზაკაევი სეპარატისტული იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ საველე მეთაური გახდა. 2001 წელს რუსეთმა ის ტერორიზმის ბრალდებით საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.
2003 წელს ლონდონის სასამართლომ ზაკაევის ექსტრადიციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება იმ საფუძვლით მიიღო, რომ მას პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიდნენ. მას გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა.
2024 წელს რუსეთში ზაკაევის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა ბატალიონის შექმნისთვის და შეიყვანეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში. მას ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ტერორიზმის საჯაროდ გამართლებისთვის.