ამჟამად ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნულ პოლიციაში ხელმძღვანელობს იმ დეპარტამენტს, რომელსაც დაკისრებული აქვს უკრაინაში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ფუნქციები.
უკრაინის ეროვნული პოლიციის (NPU) ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ადეიშვილი NPU-ში იკავებს „საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის“ პოსტს.
რა პოზიციაზეა ის
- ინტერპოლის ყველა წევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც და საქართველოშიც, მოქმედებს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროები;
- სწორედ ეს ბიუროები აკავშირებენ ამა თუ იმ ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან;
- მაგალითად, საქართველოში „ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (სამმართველო)“ შედის შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვეუწყებაში - სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში;
- ყველა წევრ ქვეყანაში მსგავს პოზიციებზე კადრებს ამა თუ იმ ქვეყნის ზემდგომი უწყება - უკრაინის შემთხვევაში, უკრაინის ეროვნული პოლიცია - ნიშნავს;
- რაც შეეხება უკრაინას, - უკრაინის ეროვნულ პოლიციას უკრაინის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ფუნქციები დაკისრებული აქვს „საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტისათვის“.
- სწორედ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა ზურაბ ადეიშვილი.
- ადეიშვილის მოადგილე არის ივან გულპა, რომელიც ამავე დროს არის „ინტერპოლთან და ევროპოლთან ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელი“.
თბილისის მიერ ძებნილი
საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობას 2012 წლიდან ძებნა აქვს გამოცხადებული ზურაბ ადეიშვილზე.
თბილისის მოთხოვნის საფუძველზე, 2013-15 წლებში ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა ჰქონდა გამოცხადებული საერთაშორისო ინტერპოლსაც, თუმცა 2015 წლის 9 აპრილიდან ძებნა შეწყვიტა.
საფუძვლად ინტერპოლმა მიუთითა მისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ „ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.
ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისის კრიტიკა და „გაკვირვება“ მოჰყვა.
ასევე ნახეთ
რატომ აღარ ეძებს ინტერპოლი ზურაბ ადეიშვილსზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. მას შემდეგ იგი საქართველოს სასამართლოებმა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ცნეს დამნაშავედ. ოპოზიცია ამაში პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას ხედავდა.
თბილისმა 2024 წელსაც მოითხოვა ადეიშვილის ექსტრადირება გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდის შესაბამისი უწყებებისგან, თუმცა უშედეგოდ. უშედეგო მიმართვებმა ხელახლა გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებისგან კრიტიკა.
იმ დროს ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ასევე ნახეთ
ადეიშვილის ჰააგაში გამოჩენის შემდეგ პროკურატურამ ნიდერლანდს მიმართა, რომ ის დააკავონექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, - რომლის გუნდის წევრიც იყო ადეიშვილი და რომელიც თავადაც იყო უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი სხვადასხვა დროს, 2012 წლის შემდეგ, - 8 აპრილს ფეისბუკზე დაწერა:
„ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე - უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე“.
„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა კი განაცხადა:
„ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში“.
„როდესაც ვამბობ, რომ მისი დანაშაულების შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოწონებული იყო მისი ქმედებები, არამედ ძალიან ხშირ შემთხვევაში დაგეგმილი იყო, როგორც ჩანს, გარედან“, - განაცხადა მან „იმედთან“ საუბარში.