აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის ფარგლებში გრძელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით.
სომხური დელეგაცია აზერბაიჯანში 10 აპრილს ჩავიდა სახმელეთო საზღვრის გავლით და გაიარა სასაზღვრო და საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები.
მედიის ცნობითვე, ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტში ჩართული ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დიალოგი მიმდინარეობს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის შეთანხმებით მიღწეული ორმხრივი სამშვიდობო დღის წესრიგის ფარგლებში.
- აზერბაიჯანის მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციებში მეტწილად არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები;
- სომხეთის შემთხვევაში წარმომადგენლობა უფრო მრავალფეროვანია - დელეგაციაში შედიან როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი, ისე ნაკლებად კრიტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).