რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობებით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, რომელიც ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქალაქ ვოლჟსკიში ერთი ადამიანი დაიღუპა, სუროვიკინის რაიონში დაზიანებულია 13 კერძო სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი, ხოლო სვეტლოიარსკის რაიონში დაზიანდა ნავთობპროდუქტების საცავი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
გუბერნატორს კონკრეტული ნავთობობიექტი არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ვოლგოგრადის ოლქის სვეტლოიარსკის რაიონში დრონებით შეტევა იყო კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სათავო სადგურ „ტინგუტაზე”.
- ამ სადგურიდან ნავთობის გადაქაჩვა ხდება ნოვოროსიისკში მდებარე ტერმინალ „შესხარისამდე“. ბოლო ხანს ამ ტერმინალზეც არაერთი დარტყმა იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 აპრილს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში გაანადგურეს 57 უკრაინული დრონი. ეს სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.
10 აპრილის დღის პირველ ნახევარში უკრაინას ვოლგოგრადის ოლქზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: უკრაინა შესაბამისად უპასუხებს რუსეთის „სააღდგომო ზავს“10 აპრილს რუსული დრონებით შეტევა იყო უკრაინაზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის თანახმად, ერთ-ერთ პორტში დარტყმა იყო რეზერვუარზე, საიდანაც ზეთმა გაჟონა.
კიპერს კონკრეტული პორტი არ დაუსახელებია. მანამდე საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო ქალაქ ოდესის რაიონში.