- მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის უკრაინის და რუსეთის, წელს აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს.
„უკრაინას არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. ჩვენ ვთავაზობდით წელს ცეცხლის შეწყვეტას აღდგომის დღესასწაულის დროს და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - დაწერა ზელენსკიმ შუაღამით სოციალურ ქსელებში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხს სჭირდება უსაფრთხო აღდგომა და რეალური წინსვლა მშვიდობისკენ, რუსეთს კი აქვს შანსი, რომ დარტყმებს აღარ დაუბრუნდეს აღდგომის შემდეგაც.
უკრაინის პრეზიდენტმა 30 მარტს განაცხადა, რომ მზად არიან ცეცხლის შესაწყვეტად აღდგომის დღესასწაულის დღეებში და საერთოდაც, საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, თუ რუსეთის მხრიდანაც მსგავსი მზადყოფნა იქნება.
9 აპრილს, მოსკოვის დროით ღამის ათ საათზე კრემლის საიტზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო ზავი გამოცხადდება 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე.
პუტინმა თავდაცვის მინისტრ ბელოუსოვს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს დაავალა, ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები ყველა მიმართულებით შეაჩერონ, ჯარები კი მზად უნდა იყვნენ „მოწინააღმდეგის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ნებისმიერი აგრესიული მოქმედებების აღსაკვეთად“.
- რუსეთსა და უკრაინას შორის „სააღდგომო ზავი“ გამოცხადებული იყო 2025 წელსაც, თუმცა მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.
- უკრაინა ოთხ წელზე მეტია ებრძვის რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. აშშ-ის შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რუსეთი ომის დასრულების უმთავრეს პირობად ასახელებს დონბასიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას, რაც კიევისთვის მიუღებელი პირობაა.
ფორუმი