პუტინის რეიტინგი ყველაზე დაბალია 2022 წლის თებერვლის შემდეგ

ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 7 მარტი, 2026.

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სახელმწიფო ცენტრის (ВЦИОМ) უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, რომლის მონაცემები 10 აპრილს გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი კვლავ დაეცა. როგორც ВЦИОМ-ის საიტი იტყობინება, 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში პუტინის მოწონების რეიტინგი შეადგენდა 67,8%-ს, რაც 2,3%-ით ნაკლებია წინა გამოკითხვასთან შედარებით, რომელიც 19-22 მარტს ჩატარდა.

ამგვარად, პუტინის რეიტინგი, ВЦИОМ-ის თანახმად, ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში. ეს რეიტინგი უფრო დაბალი იყო ომამდე ჩატარებულ უკანასკნელ გამოკითხვაში (64,3%), 24 თებერვლის შემდეგ კი დღემდე ის 70%-ზე დაბლა არ დაწეულა.

მეორე შეკითხვას, „ენდობით თუ არა პუტინს“, დადებითად უპასუხა რესპონდენტთა 73,8%-მა, რაც ასევე უფრო დაბალია ერთი კვირის წინანდელთან შედარებით.

დღეს გამოქვეყნებულ სხვა გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა ფონდმა „ობშესტვენნოემნენიემ“, დაფიქსირებულია პუტინის რეიტინგის ზრდა 74%-დან75%-მდე. ესეც უფრო დაბალია უკანასკნელი წლების საშუალო მაჩვენებელზე. ამასთან, „ედინაიაროსიას“ რეიტინგი ამ კვირის განმავლობაში დაეცა.

სოციოლოგიური სამსახურები არ იტყობინებიან, კონკრეტულად რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული პუტინის რეიტინგის ვარდნა. უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკმაყოფილებას, მათ შორის ომის მომხრე წრეებში, იწვევს ინტერნეტის დაბლოკვა. კრემლთან დაახლოებული ანონიმი პოლიტტექნოლოგი, რომელსაც „მედუზა“ იმოწმებს, ამტკიცებს, რომ არსებობს სხვა მიზეზებიც. „ძალზე ბევრი [უარყოფითი] რამ ხდება - ფასების გამუდმებული ზრდიდან ომით დაღლის გაძლიერებამდე. რა წვლილი შეაქვს ამაში [ინტერნეტის] დაბლოკვას, რთული შესაფასებელია,“ თქვა მან.

ასევე ნახეთ

ვიწრო წრეში - რა აჩვენა Forbes-ის უმდიდრესი ქართველების ასეულმა?