9 აპრილს პარლამენტთან დაკავებულ დემონსტრანტს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

მოქალაქე, აქციის მონაწილე, 9 აპრილის მემორიალთან ბიძინა ივანიშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიების შემდეგ დააკავეს.

9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ დემონსტრანტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, - ამბობს ადვოკატი, პარტია „ახლის“ „ადამიანის უფლებათა ოფისის“ ხელმძღვანელი მარიკა არევაძე.

მარიკა არევაძის თქმით, პარტიაში მოქმედი "ცხელი ხაზის" საშუალებით გაარკვია, რომ დემონსტრანტი შოთა ოდიშვილი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს დიღმის იზოლატორში, შემდეგ - სასამართლოში.

მისივე ინფორმაციით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, - რომლისთვისაც ესტონეთის მთავრობას აქვს სავიზო სანქცია დაკისრებული, - დემონსტრანტს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ამჟამად მარნეულის იზოლატორში იმყოფება“, - უთხრა ადვოკატმა 10 აპრილს რადიო თავისუფლებას.

„მოსამართლე ცეკვავამ წითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში“, - დაწერა მანამდე მარიკა არევაძემ ფეისბუკზე.

ასევე ნახეთ

მთავრობის წევრების მისვლამდე 9 აპრილის მემორიალთან პოლიცია გამოჩნდა
  • პოლიციამ 9 აპრილს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან დააკავა მოქალაქე შოთა ოდიშვილი, რომელსაც მაისურზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ ჰქონდა წარწერები.
  • ბიძინა ივანიშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიების შემდეგ, მას პოლიციამ ხელი ჩაავლო და ე.წ. დაკავების ავტომობილში ჩასვა.
  • იმავე დღეს პარლამენტთან კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - აქციის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი. დღის ბოლოს ის პოლიციის განყოფილებიდან გაუშვეს.
  • შსს-ში ამბობენ, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

9 აპრილის მემორიალიდან დააკავეს კაცი, რომელსაც მაისურზე ივანიშვილსა და კობახიძეზე წარწერა ჰქონდა