უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა გამანადგურებელი მარცხი აწვნია ვიქტორ ორბანს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არჩევნების დღეს. ბუდაპეშტი, 12 აპრილი, 2026.

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე, რითაც ჩამოაგდო ევროპაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უახლოესი მოკავშირე.

მისი მთავარი საარჩევნო დაპირებები იყო ევროკავშირთან ქვეყნის კავშირების აღდგენა და, მეორე მხრივ, მოსკოვთან კავშირების შესუსტება.

„არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ სიტუაცია გასაგებიa და ნათელია“, განაცხადა ორბანმა 12 აპრილს საღამოს, როდესაც, შედეგების თანახმად, მადიარის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ტისა“ მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა ორბანის მემარჯვენე „ფიდესთან“ შედარებით.

„არჩევნების შედეგი ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ ცხადი. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულს“.

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნების 98 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ „ტისა“ პროპორციულ არჩევნებში 53,3 პროცენტით ლიდერობდა „ფიდესის“ 38,1 პროცენტის წინააღმდეგ. კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციამ მაჟორიტარულ არჩევნებში: „ტისამ“ 93 უბანზე მოიგო, „ფიდესმა“ - მხოლოდ 13-ზე.

არჩევნების შედეგებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ბრიუსელში, კიევში, მოსკოვში და ვაშინგტონში.

ასევე ნახეთ

უნგრეთის არჩევნების მოლოდინში: პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს კიევში, მოსკოვსა და მის ფარგლებს გარეთ

ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა უნგრეთის არჩევნების განსაცვიფრებელი შედეგი „ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად“ შეაფასა და თქვა, რომ ეს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ უფრო ფართო წინააღმდეგობაზე მიუთითებს.

12 აპრილს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფრიდმა, რომელსაც აშშ-ის შვიდი ადმინისტრაციის დროს ეკავა მაღალი თანამდებობები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ წამყვანი წევრია, განაცხადა, რომ გაკვირვებულია შედეგის როგორც სისწრაფით, ასევე მასშტაბით.

„ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ შედეგები ასე სწრაფად შევიტყვეთ“, თქვა მან და აღნიშნა, რომ ბევრი დამკვირვებელი ელოდა გახანგრძლივებულ დათვლას.“

„ამრიგად, ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანმა მარცხი აღიარა, აჩვენებს, რომ ეს არის ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც [ოპოზიციას] სურდა და რომლისთვისაც უნგრეთის პროდემოკრატიულად განწყობილი ხალხი ლოცულობდა, მაგრამ არავინ ელოდა, სანამ ეს მოხდებოდა.“

დანიელ ფრიდი

ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან უნგრეთის პრობლემური ურთიერთობა ნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგით ძალიან იყო დაინტერესებული ბლოკის 27 წევრი. ისევე როგორც ვაშინგტონი და მოსკოვი. ორივეს მჭიდრო კავშირები აქვთ ორბანთან, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლების სათავეში.

„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის ირჩევდა უნგრეთს. ქვეყანა იბრუნებს თავის ევროპულ გზას“, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა მალევე მას შემდეგ, რაც ორბანმა დამარცხება აღიარა.

ევროკავშირის წევრის რანგში ორბანის მთავრობამ მოახერხა დაებლოკა ან შეესუსტებინა ბლოკის ბევრი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას. მან ასევე ხელი შეუშალა ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გარკვეული დახმარების გაწევას.

ცოტა ხნის წინ მან შეაჩერა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს (105 მილიარდი აშშ დოლარის) სესხის გამოყოფა 2026 და 2027 წლებისთვის, რაც ევროკავშირის ლიდერებმა თავდაპირველად 2025 წლის დეკემბერში შეათანხმეს.

გასულ თვეში უნგრეთის პოლიციამ დააკავა ორი ავტომობილი, რომლებითაც 80 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული და 9 კილოგრამი ოქროს ზოდები გადაჰქონდათ. დააკავეს ასევე უკრაინის შვიდი მოქალაქე, რომლებიც ავსტრიიდან სამშობლოში მიემგზავრებოდნენ რეგულარული ფულადი ინსტრუმენტებით.

ეს ნაბიჯები მას შემდეგ გადაიდგა, რაც ორბანმა უკრაინა დაადანაშაულა მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდების შეჩერებაში. უკრაინა აცხადებს, რომ მილსადენი რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა და მის შეკეთებას დრო დასჭირდება.

პეტერ მადიარი გამარჯვებას ზეიმობს

ყველა ეს საკითხი იქცა საარჩევნო კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც გაჟონილი სატელეფონო საუბრები, რომლებშიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, როგორც ჩანს, თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, აწვდიდა ინფორმაციას ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრების შესახებ.

თავდაპირველად უარყოფის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ის ევროკავშირის შეხვედრების დაწყებამდე და შემდეგ ესაუბრება არა მხოლოდ რუს კოლეგებს, არამედ ასევე კოლეგებს ისრაელიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და შეერთებული შტატებიდან.

„საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული მონაწილეობის გამარჯვებას, ევროკავშირის ღირებულებებისადმი უნგრელი ხალხის ერთგულებას და ევროპაში უნგრეთის ადგილს,“ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ, რაც დაურეკა მადიარს გამარჯვების მისალოცად.

„მოდით, ერთად შევუწყოთ ხელი უფრო სუვერენულ ევროპას, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ჩვენი დემოკრატიისთვის“.

საარჩევნო კამპანიაში მადიარი ძირითადად შიდა საკითხებზე, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო ორიენტირებული.

2025 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური ინსტინქტები ფრთხილი იქნება.

კერძოდ, მან თქვა, რომ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი სწრაფად არ შეწყდება, მიუხედავად ევროკავშირის ზეწოლისა უნგრეთზე და მეზობელ სლოვაკეთზე, რომ ფეხი აუწყონ ბლოკის სხვა წევრ სახელმწიფოებს და 2027 წლისთვის მოსკოვთან ენერგეტიკული კავშირები სრულად გაწყვიტონ.

ამჟამად უნგრეთის ბუნებრივი აირით მომარაგების დაახლოებით 95 პროცენტი რუსეთიდან იმპორტზე მოდის. ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში ის ნავთობის იმპორტის 92 პროცენტს რუსეთიდან ახორციელებდა.