ზელენსკიმ 12 აპრილს გვიან ღამით სოციალური ქსელით, X-ით გაავრცელა მილოცვა უნგრულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელოვანია, როცა კონსტრუქციული მიდგომა იმარჯვებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველთვის ისწრაფოდა კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ყველასთან ევროპაში და მზად არის უნგრეთთან თანამშრომლობის განვითარებისთვის.
ზელენსკის თანახმად, ევროპა და თითოეული ევროპული სახელმწიფო უფრო ძლიერი უნდა გახდეს და მილიონობით ევროპელი ესწრაფვის თანამშრომლობასა და სტაბილურობას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არიან შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის უკრაინელი და უნგრელი ხალხების საკეთილდღეოდ და ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
- უნგრეთში 12 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ დაამარცხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" და წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.
ასევე ნახეთ
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა გამანადგურებელი მარცხი აწვნია ვიქტორ ორბანსუკრაინა და ორბანი
უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის შეწყვეტას და არაერთხელ სცადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაბლოკვაც.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც ორბანმა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
ამჟამად სწორედ უნგრეთის ვეტოს გამოა დაბლოკილი 90 მილიარდი ევროს კრედიტი, რომელიც უკრაინამ ევროკავშირისგან უნდა მიიღოს და სასიცოცხლოდ სჭირდება სხვადასხვა ხარჯის გასაწევად.
ორბანის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრებასაც.
ასევე ნახეთ
გაძევებული ინკასატორები, დაკავებული მილიონები, დაბლოკილი მილიარდები - უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება დაძაბულობა უკრაინასთანუკრაინა და მადიარი
პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი „სხვისი ომია“. 2024 წლის ივლისში მადიარი უკრაინაში ჩავიდა და თავისი პარტიის ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. კიევში ვიზიტისას პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას თავისი ტერიტორიის დაცვის უფლება აქვს.
მადიარი აკრიტიკებდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ამასთან, „ტისას“ ლიდერი უნგრეთის პროდასავლური ორიენტაციის აღდგენასთან ერთად მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, მადიარს სურს, რომ უნგრეთი აღარ იყოს დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, თუმცა თუ ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის ბოლოსთვის გეგმავს, 2025 წლის შემოდგომაზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მადიარმა უნგრეთისთვის ვადად დაასახელა 2035 წელი.
ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მიმართ მადიარს ორბანისგან განსხვავებით კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია არ აქვს, თუმცა დაჩქარებულ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და საკითხის რეფერენდუმზე გატანაც არ გამორიცხა.
2026 წლის მარტში პეტერ მადიარმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც მან არმიის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედია, ევროკავშირში „ერთი პირი“ აღარ დაბლოკავს 90-მილიარდიან კრედიტს და უკრაინელ მეომრებს იარაღი ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „ამ პირის მისამართს მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ბიჭებს, დაურეკონ და თავიანთ ენაზე დაელაპარაკონ“. ზელენსკი „ერთ პირში“ გულისხმობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს.