უკრაინა სარისკოდ აღარ მიიჩნევს თავისი მოქალაქეების უნგრეთში გამგზავრებას

უკრაინა-უნგრეთის საზღვარი(ფოტო არქივიდან)

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ დამარცხების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მარტის დასაწყისში გაცემული რეკომენდაცია, თავი შეეკავებინათ უნგრეთში გამგზავრებისგან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 13 აპრილს გამოაცხადა, რომ რეკომენდაცია მოხსნილია, რადგან უნგრეთში დასრულდა „უკრაინის მიმართ მანიპულაციებით“ სავსე საარჩევნო კამპანია და „პროვოკაციების მაღალი რისკი“ აღარ არსებობს.

  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია 6 მარტს მისცა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის შვიდი თანამშრომელი და ინკასატორთა სამსახურის ორი ავტომობილი, რომლებსაც ავსტრიიდან უნგრეთის გავლით უკრაინაში ვალუტა და ოქრო მიჰქონდათ.
  • უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ინკასატორები ფულის გათეთრებაში იყვნენ ეჭვმიტანილი. კიევში ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს და ბუდაპეშტი დაადანაშაულეს „სახელმწიფო ტერორიზმსა და რეკეტში".
  • ინციდენტის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ უნგრეთის ხელისუფლების „თვითნებური მოქმედებების ფონზე“ მათი უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნებოდა.

ასევე ნახეთ

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა გამანადგურებელი მარცხი აწვნია ვიქტორ ორბანს

12 აპრილს უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თითქმის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა.

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ პეტერ მადიარის ლიდერობით დაამარცხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" და პარლამენტის მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.

მადიარს და მის პარტიას გამარჯვება მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ მზად არიან შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის უკრაინელი და უნგრელი ხალხების საკეთილდღეოდ და ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანის კონკურენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

უკრაინის ხელისუფლებასა და უნგრეთის მთავრობას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის შეწყვეტას და არაერთხელ სცადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაბლოკვაც.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც ორბანმა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

ამჟამად სწორედ უნგრეთის ვეტოს გამოა დაბლოკილი 90 მილიარდი ევროს კრედიტი, რომელიც უკრაინამ ევროკავშირისგან უნდა მიიღოს და სასიცოცხლოდ სჭირდება სხვადასხვა ხარჯის გასაწევად. ორბანის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრებასაც.

კიევსა და ბუდაპეშტს შორის სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბის" დაზიანების გამო უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდა.

ასევე ნახეთ

ორბანმა მილსადენი მოინახულა, სერბეთის დაზვერვა უარყოფს ცნობებს უკრაინის მონაწილეობაზე შესაძლო საბოტაჟში