Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანმა მილსადენი მოინახულა, სერბეთის დაზვერვა უარყოფს ცნობებს უკრაინის მონაწილეობაზე შესაძლო საბოტაჟში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი TurkStream-ის გაზსადენთან. 2026 წლის 6 აპრილი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი TurkStream-ის გაზსადენთან. 2026 წლის 6 აპრილი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 6 აპრილს ჩავიდა სერბეთის საზღვართან, სადაც გადის TurkStream-ის გაზსადენი - ინფრასტრუქტურა, რომელიც, მისი მთავრობის განცხადებით, იყო საბოტაჟის აღკვეთილი მცდელობის სამიზნე. ექვს დღეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია, რომელზეც, წინასწარი კვლევების თანახმად, ორბანის ძალამ შესაძლოა მარცხი იწვნიოს.

"მათ გუშინ ამ გაზსადენის აფეთქება სურდათ", - დაწერა ორბანმა ფეისბუკზე, საზღვართან ჩასვლის წინ. "ვამოწმებთ, რამდენად წესრიგშია ყველაფერი უნგრეთის მხარეს", - დასძინა მან.

სერბეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში, სოფელ ველებიტთან ახლოს მათ 5 აპრილს აღმოაჩინეს ორი ზურგჩანთა, რომლებიც დატვირთული იყო 4 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მასალებით და დეტონატორის ნაწილებით.

სერბეთის პროკურატურის განცხადებით, საქმეს მიენიჭა უკანონო იარაღის და ასაფეთქებელი მასალების ტრეფიკინგის კვალიფიკაცია, სავარაუდო საბოტაჟთან კავშირით.

ზურგჩანთების აღმოჩენას სწრაფად მოჰყვა სავარაუდო დამნაშავის შესახებ დისკუსია, ეს საკითხი უნგრეთში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა.

უნგრეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ორბანს უკრაინა პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ კიევი "წლებია ცდილობს, ევროპას ჩაუჭრას რუსეთის ენერგია". ორბანმა დასძინა, რომ TurkStream-ის რუსეთის მონაკვეთზე თავდასხმა იყო "სასიკვდილო საფრთხე უნგრეთისთვის".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ნებისმიერი კავშირი.

"ეს, დიდი ალბათობით, არის რუსეთის ყალბი განგაშის ოპერაცია - როგორც ნაწილი მოსკოვის ძლიერი ჩარევისა უნგრეთის არჩევნებში", - წერს პრესმდივანი ჰეორჰი ტუხი პლატფორმა X-ზე.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "სანდო მტკიცებულებები არ არსებობს", თუმცა მაინც გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ამაში უკრაინა იყოს ჩარეული.

ამ ვერსიას მტკიცედ უარყოფს სერბეთის სამხედრო დაზვერვა. ამ უწყების წარმომადგენელმა დურო იოვანიჩმა პირდაპირ განაცხადა: "არ არის სიმართლე, რომ უკრაინელები ცდილობდნენ ამ საბოტაჟის მოწყობას".

ინციდენტის ფონია უკვე არსებული დაძაბულობა ენერგეტიკის ირგვლივ.

ბუდაპეშტი კიევს ედავება მილსადენ "დრუჟბის" ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო, რასაც უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას აბრალებენ. კიევი აცხადებს, რომ მილსადენი დაზიანდა რუსეთის დრონებით შეტევის შედეგად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG