მოსამართლემ უარყო ტრამპის საჩივარი Wall Street Journal-ის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Wall Street Journal-ს და მის მფლობელ News Corporation-ს სასამართლოში 2025 წელს უჩივლა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჩივარი გამოცემა Wall Street Journal-ის, მისი მფლობელი News Corporation-ისა და კორპორაციის ხელმძღვანელ რუპერტ მერდოკის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

ტრამპმა გამოცემას და მის მფლობელებს ფლორიდის შტატში, მაიამის სასამართლოში უჩივლა 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელიც ეხებოდა დაბადების დღის მილოცვას ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინისთვის.

  • პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვის გამო ბრალდებულმა ეპსტინმა, ოფიციალური ვერსიით, 2019 წელს თავი ნიუ-იორკის ციხეში მოიკლა.

Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამი იყო, რომ 2003 წელს ტრამპმა ეპსტინს დაბადების დღე მიულოცა ბარათით, რომელზეც ტექსტი დაწერილია ქალის შიშველი სხეულის სილუეტის ფონზე.

გამოცემას თავად მისალოცი ბარათი არ გამოუქვეყნებია, ის მხოლოდ აღწერა და ისიც მიუთითა, რომ დონალდ ტრამპი უარყოფს ეპსტინისთვის ბარათის გაგზავნას. რამდენიმე კვირის შემდეგ ბარათის ფოტო დემოკრატმა კონგრესმენებმა გაავრცელეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მისალოცი ბარათი ყალბია, Wall Street Journal-სა და მის მფლობელებს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლა და პატივისა და ღირსების შელახვისთვის 10 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა.

ასევე ნახეთ

ჯეფრი ეპსტინის „რუსული კვალი“

13 აპრილს მოსამართლე დარინ გეილსმა დაადგინა, რომ ტრამპმა ვერ შეძლო ეჩვენებინა, რომ გამოცემა და მისი ჟურნალისტები ბოროტი განზრახვით მოქმედებდნენ და შეგნებულად არ შეამოწმეს ტრამპის განცხადება, რომ წერილი ყალბია.

ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტით, მომჩივანმა, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად მიიჩნევს, სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ სიცრუე ბოროტი განზრახვით იყო გავრცელებული.

მოსამართლემ შესწორებული საჩივრის წარსადგენად ტრამპის ადვოკატებს დრო 27 აპრილამდე მისცა.

ასევე ნახეთ

ეპსტინის საქმესთან დაკავშირებით გადადგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ასევე ნახეთ

„ეპსტინის ფაილებში“ ნახსენები ნორვეგიელი დიპლომატი გადადგა ელჩის თანამდებობიდან
  • ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის სახელს უკავშირებენ მდიდარ და გავლენიან მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობაში არასრულწლოვანი გოგონების ჩათრევას. მსგავსი ბრალდება იყო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართაც, რასაც ის უარყოფს.
  • 2025 წელს შეერთებულ შტატებში გასაჯაროვდა „ეპსტინის ფაილებად" წოდებული მილიონობით დოკუმენტი, რომლებშიც მოხსენიებულია სხვადასხვა სფეროს ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის პოლიტიკოსები. ეს უპირობოდ არ ნიშნავს მათ მონაწილეობას გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულში.

დონალდ ტრამპი არ უარყოფს, რომ ჯეფრი ეპსტინთან მეგობრობდა, თუმცა ირწმუნება, რომ მასთან ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა.