Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეპსტინის ფაილებში“ ნახსენები ნორვეგიელი დიპლომატი გადადგა ელჩის თანამდებობიდან

იორდანიასა და ერაყში ელჩად დანიშვნამდე მონა იული იყო გაეროში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი.
იორდანიასა და ერაყში ელჩად დანიშვნამდე მონა იული იყო გაეროში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი.

ნორვეგიის ელჩმა იორდანიასა და ერაყში მონა იულმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც აშშ-ში გასაჯაროებული დოკუმენტებით გამოჩნდა მისი კავშირი ამერიკელ ფინანსისტთან, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ჯეფრი ეპსტინთან.

  • ოფიციალური ვერსიით, ჯეფრი ეპსტინმა ნიუ-იორკის ციხეში თავი მოიკლა 2019 წლის 10 აგვისტოს.
  • ეპსტინის სახელს უკავშირებენ მდიდარ და გავლენიან მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობაში არასრულწლოვანი გოგონების ჩათრევას. მსგავსი ბრალდება იყო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართაც, რასაც ის უარყოფს.
  • გასული ორი თვის განმავლობაში შეერთებულ შტატებში გასაჯაროვდა მილიონობით დოკუმენტი, რომლებშიც უამრავი ადამიანია მოხსენიებული. ეს უპირობოდ არ ნიშნავს მათ მონაწილეობას გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის, მონა იულის გადადგომა 8 თებერვალს დაადასტურა. სამინისტრო იკვლევს, რამდენად მჭიდრო იყო ჯეფრი ეპსტინთან მონა იულის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კავშირები.

იორდანიასა და ერაყში ელჩად დანიშვნამდე მონა იული იყო გაეროში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ „ეპსტინის ფაილებში“ ნახსენებია მონა იულის ქმარი, დიპლომატი და პოლიტიკოსი ტერიე რუდ-ლარსენიც და მათი ორი შვილი. სააგენტო dpa გასაჯაროებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ 2019 წელს, ნიუ-იორკის ციხეში მყოფი ეპსტინის მიერ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ხელმოწერილი ანდერძით, მან ნორვეგიელი დიპლომატების შვილებს 5-5 მილიონი დოლარი დაუტოვა.

მონა იულმა განაცხადა, რომ თავისი საქმიანობის ფარგლებში გაიცნო ეპსტინი, რომელთანაც შემდგომში მინიმალური კონტაქტი ჰქონდა. ტერიე რუდ-ლარსენმა ეპსტინთან კონტაქტებს სერიოზული შეცდომა უწოდა. ნორვეგიული მედიის ცნობით, რუდ-ლარსენს ეპსტინთან პირადი ფინანსური ურთიერთობები აკავშირებდა.

ნორვეგია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც „ეპსტინის ფაილებმა“ განსაკუთრებული სკანდალი გამოიწვია და ამერიკელ ფინანსისტთან ნაცნობობის გამო იმიჯი შეულახა ტახტის მემკვიდრეს, პრინცესა მეტე-მარიტს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტორბიორნ იაგლანდსაც.












ფორუმი

XS
SM
MD
LG