ბელგია და ესპანეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი(მარცხნივ) და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

ნატოს და ევროკავშირის წევრი ბელგია და ესპანეთი წელს უკრაინას გაუწევენ, საერთო ჯამში, ორი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხიალო ფედოროვმა ბელგიის და ესპანეთის თავდაცვის მინისტრებთან, თეო ფრანკენსა და მარგარიტა რობლესთან სატელეფონო საუბრების შემდეგ, 13 აპრილს ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ შეათანხმეს თანამშრომლობის მიმართულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, „დრონების შესაძლებლობების“ განვითარებისთვის და ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში არტილერიით უკრაინის უზრუნველსაყოფად.

ფედოროვის ინფორმაციით, წელს ბელგია უკრაინას გაუწევს ერთი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას და დამატებით გადასცემს გამანადგურებლებს F-16. რამდენს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

ფედოროვის ცნობითვე, წელს უკრაინა ესპანეთისგანაც ერთი მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თანახმად, უკრაინამ ესპანეთს შესთავაზა საბრძოლო პირობებში ესპანური დრონების გამოცდა.

  • უკრაინა ემზადება მისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი მოკავშირეთა საკონტაქტო ჯგუფის მორიგი სხდომისთვის, რომელიც 15 აპრილსაა დაგეგმილი.
  • საკონტაქტო ჯგუფი, რომლის საქმიანობაც „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ-ის წინა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოქმედებდა.
  • პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯგუფის თავმჯდომარეობას ჩამოშორდა. წინა სხდომებს დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ხელმძღვანელობდნენ.

ასევე ნახეთ

უკრაინამ მოკავშირეებისგან უნდა მიიღოს 35 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების ძირითადი ტვირთი შეერთებული შტატებიდან ევროპის სახელმწიფოებზე გადავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინამორბედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეცვალა და უარი თქვა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაზე.

მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ამოქმედდა აშშ-ისა და ნატოს ერთობლივი მექანიზმი(PURL), რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ უკრაინის არმიის პრიორიტეტულ საჭიროებებს ნატოს მიერ მართული ფონდის მეშვეობით.