უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იზმაილის პორტი იყო

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 14 აპრილს გაავრცელა იზმაილის პორტის რაიონზე რუსული დრონებით შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და სახლები.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე 14 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად იზმაილის პორტში დაზიანებულია პანამის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი, ბარჟა, მისადგომი და საპორტო დანადგარები. პორტის ტერიტორიაზე განადგურებულია ორი ავტობუსი და შვიდი მსუბუქი ავტომობილი. პორტის მახლობლად დაზიანებულია 6 კერძო სახლი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა.

იზმაილის პორტი ოდესის ოლქის სამხრეთ-დასავლეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 14 აპრილს გაავრცელა რუსული დრონებით შეტევის შეტეგად დაზიანებული ავტობუსების ფოტო

გასულ ღამით რუსული დრონებით დარტყმის ქვეშ იყო ქალაქი ხარკოვიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვის შევჩენკოს რაიონში რუსული დრონი მოხვდა მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინას. დაშავდა 44 წლის ქალი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 14 აპრილს გაავრცელა ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დანგრეული ბინის ფოტო

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 14 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 13 აპრილის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 4 მართვადი საავიაციო რაკეტით და 129 უპილოტო საფრენი აპარატით.

ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო ერთი რაკეტის და 114 დრონის მოგერიება და 12 დრონით პირდაპირი დარტყმა 8 ადგილზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, ამ დროისთვის დაზუსტებული არ იყო ინფორმაცია სამი რუსული რაკეტის შესახებ.

განახლება: უკრაინაზე დრონებით შეტევა გაგრძელდა 14 აპრილს დილითაც. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა დღის 12 საათისთვის განაცხადა, რომ დაზიანებულია კიდევ ერთი, ლიბერიის დროშით მცურავი გემი რომელსაც ოდესის პორტიდან სიმინდი უნდა წაეღო.

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის ხელისუფლებამ. ლიპეცკის ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის ინფორმაციით, ქალაქ ელეცში ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაზიანებულია რამდენიმე სახლი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 14 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 13 აპრილის საღამოს რვა საათიდან 14 აპრილის დილის შვიდ საათამდე ლიპეცკის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, როსტოვის და ტულის ოლქებში, ყირიმში და აზოვის ზღვის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 97 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

ასევე ნახეთ

ბელგია და ესპანეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ