რუბიო: ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება „ისტორიული შესაძლებლობაა“

რუბიო დაესწრება აშშ-ში ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის და მისი ლიბანელი კოლეგის, ნადა ჰამადეჰ მოაუადის შეხვედრას (ფოტო არქივიდნ).

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 14 აპრილს მოუწოდა ისრაელსა და ლიბანს, გამოიყენონ მშვიდობისთვის „ისტორიული შესაძლებლობა“, როცა ვაშინგტონში ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო.

„ეს ისტორიული შესაძლებლობაა. ჩვენ გვესმის, რომ ვმუშაობთ ათწლეულების ისტორიისა და იმ სირთულეების წინააღმდეგ, რამაც მიგვიყვანა ამ უნიკალურ მომენტამდე და აქ არსებულ შესაძლებლობამდე“, - განაცხადა რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში, ორი ქვეყნის ელჩების მისალმებისას.

„დღეს იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ჩარჩოს გამოკვეთას, რომელზეც შესაძლებელი იქნება მიმდინარე და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - დასძინა მან.

რუბიო დაესწრება აშშ-ში ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის და მისი ლიბანელი კოლეგის, ნადა ჰამადეჰ მოაუადის შეხვედრას.

ეს იშვიათი შეხვედრაა იმ მთავრობების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ტექნიკურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან ისრაელის 1948 წელს დაარსების დღიდან.

ისრაელი ებრძვის ჰეზბოლას, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი ვაშინგტონის მიერ. ჰეზბოლამ ისრაელს შეუტია ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის დაწყების მერე.

ჰეზბოლას, მისი პოლიტიკური ნაწილის ჩათვლით, დიდი გავლენა აქვს ლიბანის სამხრეთში, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ერთად იბომბება ისრაელის ავიაციის მიერ.

შეხვედრა დიპლომატიური მცდელობაა, რომლის ფონზე ისრაელი გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტას და ბეირუთისგან მოითხოვს ჰეზჰოლას, რომელსაც ირანი უჭერდა მხარს, განიარაღებას.

ჰეზბოლას ლიდერმა ნაიმ ყასემმა ორშაბათს მოუწოდა მთავრობას შეხვედრის გაუქმებისკენ და თქვა, რომ ჰეზბოლა გააგრძელებს ლიბანზე ისრაელის თავდასხმებზე პასუხის გაცემას.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი შეთანხმებას „ძალიან ცუდად“ ასრულებს, ირანი ჰეზბოლაზე დარტყმის შეწყვეტას მოითხოვს

ასევე ნახეთ

ლიბანისა და ისრაელის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან, ისრაელი ჰეზბოლას ეომება

ასევე ნახეთ

რა არის ჰეზბოლა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი, რომელიც ებრძვის ისრაელს?